უცნაური ამბავია: ასეთი საფეხბურთო კვირა გვქონდა და ლაპარაკი ერთი ჩვეულებრივი რამით დაიწყო.

სინათლე! სინათლე ჩვენს ფანჯრებში.

ფანჯრებში კი ტელევიზორს ვგულისხმობ, რადგან ღირსეული ანტენით შეჭურვილი ტელევიზორი დღეს ნამდვილი ფანჯარაა ევროპაში, გამორჩევით კი საფეხბურთო ფანისათვის. რა, რა და ტელევიზორი მთავარი რამ არის.

არიან „დვიჟოკიანი“ ქომაგები, „დვიჟოკიანი“ დაწესებულებები. არიან ქომაგები, რომლებიც კლუბებში ან კიდევ ტელეკომპანიებსა და გაზეთების რედაქციებში დაიარებიან საერთაშორისო ფეხბურთის საცქერლად. ამგვარი ღამის ვოიაჟები, რა თქმა უნდა, იმითაა გამოწვეული, რომ ფეხბურთის მოყვარულმა იცის – ხიფათი ყოველ ნაბიჯზე ელის. ხიფათი სწორედ მაშინ ეწვევა, როცა სავარძელში ჩაეშვება და ფანჯრიდან (ტელევიზორიდან) ჩემპიონთა ლიგის მუსიკა მისწვდება მის ყურს.

იგივე ელის ქომაგს სამშაბათსაც და ხუთშაბათსაც.

ამიტომ უკვე დაწყებული თამაშის შემდეგ, რეკვას, სირბილს და შუქიანი ახლობლების ჩამოვლას მეორე ტაიმის მოსწრების იმედით, სჯობს ხოლმე, რომ კაცმა ადრევე დაიჭიროს თადარიგი.

ახლა თქვენ იკითხავთ, რა დროს სინათლეზე ლაპარაკი იყო ამ გასულ კვირაში, როცა ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება სრულიად თბილისსო.

ძაღლის თავისც სწორედ აქ არის დამარხული.

არის, არის და წკაპ! ჩაქრება და უყარე კაკალი.

საზოგადოდ, საერთაშორისო ფეხბურთის მოყვარული და მაცქერალი კაცი, ანუ ფანი, ბოლოსდაბოლოს ერთგვარი ნარკომანი ხდება. თუ მისი ხელობაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, ხომ საერთოდ – მას  სამსახუროებრივადაც მოეთხოვება ფანჯრის (ტელევიზორის) ცქერა.

ამიტომ, ევროთასების დღეს ამგვარად განარკომანებული კაცი, ცრუმორწმუნეცაა და მოსალოდნელი თამაშის ცქერის წყურვილით ანთებული, ყოველ წვრილმანს ყურადღებას აქცევს.

წარმოიდგინეთ, რას ფიქრობს ქომაგი. უფრო  სწორად, რას ფიქრობდა გასულ ოთხშაბათს: დილიდან წვიმს, ერთი კვირაა მის სახლში ნათურა და ფანჯარა (ტელევიზორი) ციმციმებს. ქვეყანაში არცთუ იოლი ვითარებაა პოლიტიკური განხრით, ქომაგი ამას დიდად არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ იცის, რომ დღეს 9 აპრილია – ყველაზე რთული და ტრადიკული დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში. თავისთავად ეს ამბავი მეტად ახლობელი და მტკივნეულია ამ ქალაქის მაცხოვრებლისთვის.

ამას ემატება ათასგვარ გაზეთში გამოქვეყნებული ამბავი, შუქი იმიტომ გვაქვს, რომ 9 აპრილამდე მიტინგები და დესტაბილიზაცია არ იყოსო. ახლა ქომაგი ფიქრობს, რომელ „დვიჟოკიან“ ალაგას წავიდეს, რომ თავი ქუდში ჰქონდეს. ამასობაში თავსხმა წვიმა იღებს და ქარბუქი იწყება.

ვაიმე, ფიქრობს ფანი, ქარბუქი ხომ სინათლის პირველი მტერია!

დღის განმავლობაში ნირწამხდარი ქომაგი რამდენჯერმე შეიტყობს სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ სინათლე დღესაც იქნება ან შეიტყობს, რომ არ იქნება.

დღის ბოლოს ის ქარის მიერ აციმციმებულ ნათურებს უყურებს და წყვეტს: „არსად არ წავალ, აქვე, ძმაბიჭებთან ერთად ვუყურებ“.

ქარი გუგუნებს, ქომაგი იცმევს და ქუდსაც იხურავს. „სამზე მოვალ!“ – უბარებს ცოლს და გასაღებს იდებს ჯიბეში.

ქუჩის გადაღმა, ძმაბიჭის სახლში უკვე შეკრებილან: „ჩაქრება“, – ამბობს ერთი, „არა, ხვალ ჩაქრება“, – ამბობს მეორე.

ხვალ ხომ „ბარსელონაა“, ხვალ ხომ „ლივერპულია“. ხვალ ნაღდად „სადვიჟოკო“ დღეა. ასე ლაპარაკობენ.

თამაში იწყება. ქარბუქი სამჯერ-ოთხჯერ წამით მოერევა სინათლეს.

მერე ტაიმის დამთავრებამდე ოციოდ წუთი რომ რჩება ქომაგი იტყვით: „ყველაზე ცუდია, ეხლა რომ წავიდეს. შუქიან ადგილზე გასვლას ვერ მოვასწრებთ“.

აი, ასეა, ზიხარ და უყურებ. უჭირს ენერგოსისტემას, მაგრამ მაინც გვაყურებინა ლიგის ნახევარფინალები – ოფიციალურად ასე ითქმის.

მეორე დღეს კი უნდა დაწერო. „იუვენტუსში“ გამოირჩეოდა ზინედინა არაბი, „დორტმუნდის“ სოუზა ძაან ტეხნარი რამეა, ბექემი ჩაიწვა და ა.შ.

შენ ფანი ხარ – შენი ბედი ენერგეტიკას აბარია!

12.04.1997

წილი
წინა სტატიაპოგბას დედას სცოდნია
შემდეგი სტატიარატომ შერცხვა რიოს?
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.