2012 წლის ამბავს პოლ პოგბა ასე იგონებს: „მანჩესტერ იუნაიტედიდან” იმიტომ წავედი, რომ ალექს ფერგიუსონი არ მათამაშებდა და გავბრაზდიო.
არადა, ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ პოგბამ კლუბთან რაღაც საკონტრაქტო საკითხი ვერ მოაგვარა და ფრანგის „იუვენტუსში” გაქცევის მიზეზიც თითქოსდა ეს იყო.
იმხანად, ტურინელები პოგბას კვირაში 30 000 გირვანქის ტოლ ევროებს სთავაზობდნენ, რაც მის მანჩესტერულ გასამრჯელოზე ორჯერ მეტი გახლდათ.
27 წლის პოგბამ თქვა: „ჩემი ძმა „იუნაიტედის” დიდი ფანია, მაგრამ ისიც კი გაბრაზდა, რადგან ფერგიუსონი არ მათამაშებდა. ჩემი ძმა ჩემზე მეტადაც კი გაბრაზდა. მან მითხრა: შენ შეგიძლია ამ გუნდში თამაში და თუ მათ არ სჭირდები, სადმე სხვაგან წადი. რომ დააკლდები, ნახავენ”.
ფრანგი „იუვეში” რომ გადაბარგდა, „მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადში სამად სამი თამაში ჰქონდა ჩატარებული. 2016 წელს ინგლისურმა კლუბმა ის ხელახლა შეიძინა, მაგრამ ამ დროისთვის ნახევარმცველს „ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში უკვე ოთხი სკუდეტო ჰქონდა მოგებული. თან, ფულსაც ხომ აქვს მნიშვნელობა: „იუნაიტედს” მისი დაბრუნება 86 მილიონი გირვანქა დაუჯდა.
პოგბა: „დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, მანჩესტერიდან სადმე წახვალ, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდებიო. ვნახავთ, როგორც დავბრუნდები, მეთქი — ვპასუხობდი მე, მაგრამ დედების ამბავი ხომ იცით. ისინი ისეთ რამეებს ხედავენ, რასაც სხვა ვერ ხვდება. და მართლაც, მე „იუნაიტედში” დავბრუნდი.
ჩემი მშობლები აფრიკიდან საფრანგეთში გადმობარგდნენ და მე რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ. ოჯახში ხუთნი ვიყავით, ეს კი ქალისთვის ძალიან ძნელია. ის ბევრს მუშაობდა, რათა ჩვენ დაგვხმარებოდა.
ჩვენ რომ არაფერი გვაკლდა, მისი დამსახურება იყო. ამიტომაც, მინდა ათჯერ უფრო მეტი ვიშრომო, რომ დავუფასო. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის.
მე ყოველთვის სწავლა მწყურია. ადამიანებს ახლის გაგება ყველა ასაკში შეგვიძლია, 10 წლისას, 40-ის თუ 50-ის”.