სრულიად მოულოდნელად, „რეალ სოსიედადმა” გადაწყვიტა სამშაბათს ვარჯიშები განაახლოს.
ეს ამბავი საჯაროდ რადიო COPE-მ გამოაცხადა, რომელმაც მოისმინა გუნდის მწვრთნელის იმანოლის საუბარი თავის ფეხბურთელებთან. თუ ეს ამბავი მართალი გამოდგება, მაშინ სან სებასტიანელები გახდებიან პირველები, ვინც კორონავირუსის მიერ დაჩაგრულ ესპანეთში საფეხბურთო ცხოვრებას აღადგენენ.
„რეალ სოსიედადი” გახლავთ გუნდი, რომელიც შეწყვეტილი ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში მონაწილეობდა. მან 10 მარტს, უმაყურებლოდ, სტუმრად ითამაშა „ეიბართან”.
ბასკური გუნდი ლა ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილზეა და იმავდროულად „სამეფო თასის” ფინალშიც გახლავთ გასული.
COPE-ს თქმით, იმანოლმა თავის მოთამაშეებს უთხრა, რომ დროა ვარჯიშები აღადგინონ, ოღონდ, იმავდოულად ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაციებიც დაიცვან. სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე, სოციალურ დისტანციაზეა ლაპარაკი.
წესით, ესპანეთში, ორშაბათიდან მკაცრი კარანტინი უფრო ლმობიერი უნდა გახდეს, მაგრამ მისცემს თუ არა ხელისუფლება ფეხბურთის გუნდებს ვარჯიშის განახლების უფლებას, ჯერ არავინ იცის.