ჭოკზე ცოცვაც სპორტია?

2004 წელს ამერიკულ სენტ-ლუისში ჩასულ იაპონელ სავაო ფუმის მანამდე თვალით არ ენახა ჭოკით მხტომელთა ასპარეზობა. ამას ხელი არ შეუშლია, სწორედ ამ სახეობაში დარეგისტრირებულიყო და კარგი მყარი ჭოკიც იშოვა.
როცა მისი ჯერი დადგა, იაპონელი აუღელვებლად მივიდა ძელებთან, რომელზეც თამასაა გადებული, ჭოკი მყარად ჩაარჭო ქვიშაში, უსწრაფესად აცოცდა და მეორე მხარეს გადახტა – ეგონა, რომ სიმაღლე ნებისმიერი ხერხით უნდა დაეძლია.
ბუნებრივია, ცდა არ ჩაუთვალეს და აუხსნეს, რომ გამორბენი იყო საჭირო. ფუმიმ გამორბენი გააკეთა, ძელებთან დაამუხრუჭა და… საკუთარი ილეთი ერთხელაც გაიმეორა.
იაპონელი შეჯიბრებიდან მოხსნეს, თუმცა კარგა ხანს გაჰყვიროდა, აზიური წარმომავლობის გამო მჩაგრავენო. მხოლოდ ფუმის ვინ ჩივის – იაპონური პრესა აღშფოთებულმა სტატიებმა წალეკა.

ოლიმპიური თაღლითები

1900 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი სამი ადგილი მასპინძელმა ფრანგებმა დაიკავეს. არადა, ფავორიტებად ამერიკელი სპორტსმენები ითვლებოდნენ. ფინიშზე მისვლის შემდეგ ამერიკელებმა საეჭვო დეტალი დააფიქსირეს: ყველა სხვა ათლეტისგან განსხვავებით, მასპინძლები დისტანციის ბოლოს სუფთები იყვნენ, არადა მარათონელებს დისტანციაზე არაერთი გუბურასა და წუმპეს გადალახვა მოუხდათ.
ამერიკელებმა ოფიციალური პროტესტი შეიტანეს, ფრანგებმა პარიზის ქუჩების კარგად ცოდნით ისარგებლეს და დისტანცია მოჭრესო. მათი პროტესტი ყურად არავინ იყო და ოლიმპიზმის ისტორიას გაპიწკინებული ფრანგები შემორჩნენ.
ოლიმპიური ჩემპიონი მიშელ ტეატო გახდა და თუ მისი ფოტოთი ვიმსჯელებთ, წუმპეებში ნარბენს ნამდვილად არ ჰგავს.

მშვენიერაძემ მშვენივრად იჩხუბა

მელბურნის 1956 წლის ოლიმპიური თამაშების წყალბურთელთა ტურნირის ნახევარფინალი სკანდალური აღმოჩნდა.
ერთმანეთს უნგრეთისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებები ხვდებოდნენ. არადა, მანამდე ერთი თვით ადრე წითელმა არმიამ სასტიკად ჩაახშო უნგრელთა ამბოხება. ნერვული ფონი მაქსიმალური იყო.
მეორე ტაიმში, როცა უნგრელები 3:0 იგებდნენ, გუნდების კაპიტნებს, პეტრე მშვენიერაძისა და დეჟე დიარმატის შორის ხელჩართული ჩხუბი ატყდა.
მალე ჩხუბში ჯერ სხვა წყალბურთელები, მერე კი მაყურებლებიც ჩაერთვნენ.
საბჭოთა გუნდს წაგება ჩაეთვალა. სსრკ ხელმძღვანელობამ თავის სპორტსმენებს სასტიკი საყვედური გამოუცხადა „საჭოთა და უნგრელი ხალხის მეგობრობისთვის მიყენებული ზიანისთვის,“ თუმცა…
დამარცხებული გუნდის კაპიტან პეტრე მშვენიერაძეს ვადაზე ადრე მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული. მერე თავად ბატონი პეტრე ხუმრიბდა ხოლმე, ეტყობა, კარგად ჩხუბის გამო დამაჯილდოვესო.
2002 წელს ბუდაპეშტში იმ მატჩის მონაწილეები შეიკრიბნენ და კაპიტნებიც შერიგდნენ.