„ბარსელონას“ დატრიალებულმა ქარიშხალმა კიდევ ერთხელ და ახალი სიმძლავრით დაუბერა. განხეთქილება კლუბის ბოსებს შორის იქამდე მივიდა, რომ აღმასრულებელი საბჭოს ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა.

გუნდი ვიცე-პრეზიდენტებმა ემილ რუსანდამ და ენრიკე ტომბასმა, აგრეთვე დირექტორებმა: სილვიო ელასმა, მარია ტეიშეირომ, ჟოზეფ პონტიმ და ჟორდი კლასიმილამ დატოვეს.
„გვსურ პრეზიდენტს ჩვენი გადაწყვეტილება ვაცნობოთ. დაკავებულ თანამდებობას ვტოვებთ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ ყოვლისა ის, რომ ჩვენ, როგორც მენეჯერებმა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავება და გუნდის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა ვერ შევძელით. ვერ ვხედავთ პოსტ-პანდენიურ პერიოდში, კლუბის განვითარების, ახალი გამოწვევებთან გამკლავების და პრობლემების დაძლევის გზებს. გარდა ამისა, გვსურს დავაფიქსიროთ უკმაყოფილება იმ სკანდალის გარშემო, რომელიც ჩვენ პრესისა და სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვეთ. ჩვენს კლუბს ბოლო სამსახურს გავუწევთ და ვურჩევთ, რომ როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, ჩაატაროთ ახალი არჩევნები და მიიღონ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს. მადლობა ყველას გამოცხადებული ნდობისთვის და იმისთვის, რომ მოგვცეს საშუალება ჩვენი საყვარელ „ბარსასთვის“ გვემსახურა. გისურვებთ წარმატებებს“, – წერია „ბლაუგრანას“ აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელების განცხადებაში.
ბართომეუს ისედაც მორყეულ სკამს ამ ფაქტის შემდეგ კიდევ ერთი ფეხი მოსძვრა. ბართომეუს ლეო მესისა და გუნდის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აგორებული კამპანია, ფინანსურ აფიორები და მაფიოზურ გეგმები, როგორც ამას ჟოან ლაპორტა და მისი სხვა ოპონენტები უწოდებენ, ხეირს რომ არ დააყრის, თავადაც კარგად ხვდება. ესპანურ მედიაში წერენ, რომ ხოსეპ მარიას 5-წლიანი ბატონობა კატალონიაში დასასრულს უახლოვდება…