ძაღლი გარინჩას ერგო

ჩილეში გამართული 1962 წლის მონდიალის მეოთხედფინალი ბრაზილია-ინგლისი ისტორიაში მხოლოდ დიდებული გარინჩას დუბლით როდი შევიდა.
შეხვედრის მსვლელობისას მოედანზე მაწანწალა ძაღლი გამოჩნდა. მსაჯის და მის დასახმარებლად მობილიზებული პოლიციელების ძალისხმევა უნაყოფო აღმოჩნდა.. ცუგა ვერავინ მოიხელთა. სიტუაციაში სხვებზე უკეთ ინგლისელი ჯიმი გრივზი გაერკვა. ძაღლების დიდი მოყვარული გრივზი ოთხზე დადგა და ისე მოუხმო. ცუგო ენდო, მაგრამ როცა გრივზმა ხელში აიყვანა, სიხარულისგან მაისურზე მიაშარდა. რადგან მაშინდელი წესებით მაისურის შეცვლა არ შეიძლებოდა, ინგლისელმა ასევე ჩაამთავრა თამაში. მერე გრივზი ღიმილით იხსენებდა, ისეთი სუნი მსდიოდა, არც ერთი ბრაზილიელი ახლოს არ გამკარებიაო. ინგლისში კი ძაღლის ყველაზე პოპულარულ სახელებად ჯიმი და გრივზი იქცა.
რაც შეეხება ფინალის მონაწილე ცუგოს, ჟურნალისტების ძალისხმევით ბრაზილიაში აღმოჩნდა და ნაკრების წევრთა შორის ლატარეაში გათამაშდა. ოთხფეხა მეგობარი გარინჩას ერგო. მანემ მას “ბი” (“ბიკამპეონეს” შემოკლებული ვარიანტი) დაარქვა.                                                       
პიცა სტადიონზე მიტანით
ლონდონის ერთ-ერთ გარეუბანში სამოყვარულო ლიგის მატჩზე შეკრებილი ქომაგების ყურადღება სკუტერის ხმამ მიიპყრო, რომელიც სულ უფრო ახლოვდებოდა. ორიოდ წუთში სარბენ ბილიკებზე თავად სკუტერიც გამოჩნდა მასზე ამხედრებული კურიერით, რომელსაც ზურგზე ახლომდებარე პიცერიის ლოგოიანი ჩანთა ჰქონდა მოგდებული. სკუტერი გამიმწვევად ნელა მოძრაობდა, რამაც ტრიბუნაზე შეკრებილები გააღიზიანა. მათ იფიქრეს, რომ ვინმე ქომაგთაგანმა ტრიბუნიდანვე დაუკვეთა პიცა. არადა, საპატიო წრის შემდეგ სკუტერმა ასევე აუჩქარებლად დატოვა სტადიონი.
როგორც აღმოჩნდა, ეს პიცერიის სარეკლამო აქცია სამოყვარულო ლიგის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული იყო.