სადიო მანე პირველი სიდიდის ვარსკვლავია მსოფლიო ფეხბურთში და უპირობო ლიდერი სენეგალის ნაკრებში.
ექსპერტები პრემიერლიგის წლის საუკეთესოს ტიტულსაც უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვარსკვლავური იმიჯის შექმნას სულაც არ ცდილობს.
„რად მინდა ათი „ფერარი“ ან ბრილიანტებიანი საათების კოლექცია?! რა სიკეთეს მომიტანს ეს ნივთები მე ან ჩემს ახლობლებს?!” – კითხულობს მანე.
ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მისსავე ბავშვობაში იმალება. მანე პატარა სენეგალურ ქალაქში დაიბადა, სადაც ნორმალური ცხოვრებისთვის არანაირი პირობები არ იყო. ფეხშიშველი დასდევდა ბურთს და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. სწორედ ფეხბურთის თამაშისას შეატყობინეს 7 წლის ბიჭუნას, რომ მამა გარდაეცვალა. და ეს იმის გამო, რომ ქალაქში არ იყო საავადმყოფო. იმავე მიზეზით, სადიოს უმცროსი და სახლში დაიბადა.

ამას წინათ მანე მეჩეთში განელ მეგობარს შეხვდა, რომელიც იქვე მუშაობს. მეგობარს მეჩეთის ტუალეტები ჰქონდა მოსახეხ-დასალაგებელი და მანემ უყოყმანოდ შესთავაზა დახმარება. კი გააფრთხილა, გახმაურება არ არის საჭიროო, მაგრამ ვიღაცის ტელეფონის კადრში მაინც მოხვდა.
რა დავამატოთ? ალბათ მხოლოდ ის, რომ წლიური 5 მილიონი ფუნტი გასამრჯელოდან ეს თავმდაბალი ბიჭი ოქროს გულით უდიდეს ნაწილს სხვებზე ხარჯავს. თავად? თავად ნაჩუქარი აიფონით და სადენებიანი ყურსასმენებით დადის.
მსოფლიო ფეხბურთს უკვე ჰყავდა მანე – გარინჩა. საფეხბურთო მოედნის ჯადოქარს ჩვენი წერილის გმირივით ოქროს გული ჰქონია და რაც გააჩნდა, უშურველად გასცემდა. სიცოცხლე სიღეტაკეში დაასრულა, მაგრამ მის საფლავს ასეთი ეპიტაფია აქვს: „მანე გარინჩა – ხალხის სიხარული“.
