პრემიერლიგის კაპიტნებმა შექმნეს ფონდი სახელწოდებით Players Together და ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის 4 მილიონი გირვანქის აგროვებას აპირებენ.

ოცი გუნდის კაპიტანი, რომელთაც ლივერპულელი ჯორდან ჰენდერსონი და „მანჩესტერ იუნაიტედის” ჰარი მაგუაირი ხელმძღვანელობდნენ, ოთხი დღის განმავლობაში თათბირობდა და შედეგად ფულის აგროვების გეგმა დაისახა.

წუხელ, ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც წერია, რომ მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ისეთი ფონდი, რომლის დიდი ღირსება შეკრებილი თანხის დანიშნულებისამებრ სწრაფი განაწილება იქნებოდა. ფეხბურთელების აგროვებული ფულით ისარგებლებენ ექიმები, მოხალისეები და ავადმყოფები.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა, რომელიც აქამდე ფეხბურთელებს ხელფასების შეკვეცისა და კორონავირუსთან ბრძოლისკენ მოუწოდებდა, კაპიტნების გადაწყვეტილებას დიდი გულით გადადგმული ნაბიჯი უწოდა და პრემიერლიგელებს მადლობა გადაუხადა.

ფეხბურთელების ეს გადაწყვეტილება, არაფერ შუაშია ხელფასების შეკვეცის ადრე წამოჭრილ წინადადებებთან. ის ცნობილმა ვეტერანებმა გარი ლინეკერმა და რიო ფერდინანდმაც მოიწონეს.

ლინეკერმა „ტვიტერში” დაწერა: „ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით. მათ კორონავირუსთან ბრძოლაში თავიანთი წვლილი შეაქვთ, რასაც ველოდი კიდეც”.

ფერდინანდი: „ფეხბურთელები კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დადგნენ”.