კორონავირუსმა სპორტული სამყარო სრულად დააპაუზა. ისღა დაგვრჩენია, მოცალეობის ჟამს, გარდასულ დღეთა საინტერესო ბატალიები გავიხსენოთ. გადავწყვიტეთ, ერთი რუბრიკა სპორტული კურიოზებისთვის დაგვეთმო და პერიოდულად შემოგვეთავაზებინა. დაწყებით კი, ბუნებრივია, ფეხბურთით ვიწყებთ…

მწვრთნელი ათი წუთით

ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს კარგად ემახსოვრებათ არგენტინელი ფორვარდი აბელ ბალბო, ნაკრებში მარადონას პარტნიორი რომ იყო, საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი კი იტალიურ „პარმაში“ „უდინეზესა“ და „რომაში“ გაატარა.
ჰოდა, ჩემო ბატონო, 2009 წელს ბალბომ სამწვრთელო საქმეს მოჰკიდა ხელი. არგენტინელი იტალიურმა „ტრევიზომ“ მიიწვია და კონტრაქტი გაუფორმა. პირველივე ვარჯიშზე მისულ ბალბოს წინა მწვრთნელის, ლუკა გოტის გათავისუფლებით უკმაყოფილო გუნდმა ბოიკოტი გამოუცხადა.
ათი წუთის შემდეგ ბალბომ ვარჯიში მიატოვა და გუნდიდან წავიდა. ეს მისი პირველი და უკანასკნელი სამწვრთნელო ათი წუთი იყო.
P.S. ისე, საინტერესოა, გინესის რეკორდების წიგნი ყველაზე მოკლე ვადით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობასაც აღრიცხავს თუ არა.
გოლი მოედანზე გაუსვლელად
თურმე, ასეც შეიძლება მოხდეს: ინგლისში პოპულარულ წიგნში „ფეხბურთის ისტორია“ აღწერილია კურიოზი, რომელიც ინგლისისვე ქვედა დივიზიონში 1937 წელს დაფიქსირდა.
ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მატჩზე დაიგვიანა და დაწყებულს მიუსწრო. დაგვიანებული მოედნის კიდესთან იდგა და ელოდებოდა, როდის დატოვებდა ბურთი მოედანს, რომ თამაშში ჩართულიყო. სწორედ ამ დროს მისი გუნდის სასარგებლოდ კუთხური დაინიშნა… არბიტრმა თამაშში ჩართვის ნიშანი მისცა და დაგვიანებული ფეხბურთელი, ისე რომ მოედანზე არ შესულა, პირდაპირ კუთხურის ჩასაწოდებლად გაემართა.
მერე ალბათ თავადაც ხვდებით რაც მოხდა – მან კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია და ანგარიში გაიხსნა.