ფანტასტიური და თავბრუდამხვევი კარიერაა.
დღეს კი ცოტას თუ ახსოვს, რომ საშა ჩივაძე მეტსახელს 1981 წლის მარტიდან ატარებს. ლონდონში “ვესტ ჰემის” 4:1 დაბრიყვების შემდეგ ინგლისელმა ჟურნალისტებმა უწოდეს „ფეხბურთის პროფესორი“. კიდევ უფრო ნაკლებმა იცის, რომ საფეხბურთო სამყარო უდიდესი ცენტრალური მცველის გაბრწყინებას შოთა ხინჩაგაშვილს უნდა უმადლოდეს. 1977 წელს უეფას თასის 1/8-ფინალში „დინამო“ ციურიხში „გრასჰოპერსს“ შეხვდა. მსაჯის შეურაცხყოფისთვის ხინჩაგაშვილი გააძევეს და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ასე რომ, ერთი წლის შემდეგ „ნაპოლისთან“ საყრდენმა ნახევარმცველმა საშა ჩივაძემ დაცვის ცენტრში ითამაშა და აღარასოდეს მიუტივებია ეს პოზიცია.
აბა, ტექსტად როგორ გადმოგცეთ ჩივაძის ფილიგრანული ფეხში ვარდნები, თავით ფანტასტიური თამაში, უზუსტესი პასის კულტურა, მომაკვდინებელი პენალტები და ჯარიმები.
და თამაშის წინასწარ წაკითხვის ნიჭი?!
ნახალოვკელი საშა ჩივაძე საპატიო თბილისელია და უეფამ სპეციალური ორდენით დააფასა, მაგრამ ქომაგის სიყვარულს ვერაფერი გადაწონის. აბა, როგორ შეიძლება, საშა ჩივაძეზე წერო და მისი იუმორის გრძნობა არ ახსენო?
ერთ ძველ ანეკდოტს თავად ბატონი საშაც სიამოვნებით ყვებოდა თურმე: 1981 წელს თასების თასის მფლობელ ახალგაზრდა დინამოელებს კომპარტიაში ურიგოდ მიღება შესთავაზეს. პირველი რაიკომის კომისიაზე ჩივაძე შევიდა და ერთ წუთში ღიმილით გამოვიდა. შემოეხვიენ დანარჩენები. – მიმიღეს.
– რა გკითხეს?
– ლეონიდ ბრეჟნევი ვინ არისო. მე ვუთხარი, ჩვენი მამაა მეთქი. მეტი არაფერი უკითხავთ. მიმდევნო კიმისიაზე თენგიზ სულაქველიძე შევიდა და ერთ წუთში შეშინებული გამოვარდა.
– რა გკითხეს?
– ლეონიდ ბრეჟნევი ვინ არისო. მე ვუთხარი, ჩივაძის მამაა მეთქი და ძლივს გამოვასწარი.
ბატონო საშა, “სარბიელი” და მისი მკითხველების არმია უერთდება სრულიად საქართველოს მოლოცვებს.
იდღეგრძელეთ!
დღეს ფეხბურთის პროფესორი 65 წლის გახდა.