„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” დღეს ჟოზე მოურინიუს ისტორიას გაგაცნობთ. ის იმ დროს ეხება, როდესაც „განსაკუთრებული” „რეალის” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდში დისციპლინის დამყარება დაავალეს. მას „თეთრები” გამარჯვების გზებზე უნდა დაებრუნებინა.
პორტუგალიელამდე „რეალს” მანუელ პელეგრინი ედგა სათავეში. პელეგრინიმ გუნდის თავგასული ვარსკვლავები ვერ მოთოკა და ამიტომ მოხსნეს.
შემდეგ მოვიდა მოუ, მაგრამ სადავეების ხელში ჩასაგდებად მასაც რთული პერიოდი ერგო. ეს იყო 2010 წელი, როდესაც ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და გაამაყებული წამყვანი ფეხბურთელები დასასვენებლად იყვნენ გაკრეფილები. „სანტიაგო ბერნაბეუზე” მისულ „განსაკუთრებულს” ძირითადი შემადგენლობა არ დახვდა. მისი შეგონებანი მხოლოდ ახალგაზრდული გუნდისა და მეორეხარისხოვან ფეხბურთელებს ესმოდათ.
ბოლოს, როგორც იქნა ყველა დაბრუნდა და ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. მოურინიუმ ფეხბურთელებს თავისი პრინციპები გააცნო, მეორე დღეს კი უფრო შორს წავიდა და… გამცემებს და ჯაშუშებს დაუწყო ძებნა. სანამ გასახდელიდან მოედანზე გავიდოდნენ, ის მოთამაშეებს დაემუქრა:
„უკვე ვიცი, რომ აქაურობა ფარული კამერებით არის სავსე. გპირდებით, მე მათ ვიპოვი”.
ვარჯიშის შემდეგ „პორტუს”, „ჩელსისა” და „ინტერის” ყოფილ მწვრთნელს პრესკონფერენციაზეც წამოცდა რაღაც ასეთი.
დრო რომ გავიდა, ცნობილი გახდა, რომ მოუს რამდენიმე ფეხბურთელისთვის გუნდიდან ინფორმაციის გატანაში ბრალიც დაუდია, მაგრამ მწვრთნელს რომ ყველგან ჯაშუშები ელანდებოდა „რეალში” უკვე იცოდნენ და ეს ამბავი შედარებით იოლად გადაიტანეს.
ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, მაგალითად, პორტუგალიელი ჟურნალისტებსაც ეჩხუბა. მიზეზი: მათ „რეალის” შემადგენლობა წინასწარ ამოიცნეს და დაბეჭდეს. მოურინიუს კი სწამდა რომ ეს დაბეზღების გარეშე ვერაფრით მოხდებოდა.
კიდევ, ჟოზე მოურინიუს ეპოქა იმითაც დაიწყო, რომ ფეხბურთელებს ავტობუსში მობილურით ლაპარაკი აეკრძალათ. დაშავებული მოთამაშეები სტადიონზე მატჩამდე ერთი საათით ადრე უნდა გამოცხადებულიყვნენ და ექიმს ერთხელაც უნდა გაესინჯა. დაგვიანებული შინ უნდა გაბრუნებულიყო.
„მე არავის ველოდები!” — იმეორებდა განსაკუთრებული.
ასე დაიწყო ჟოზე მოურინიუს პერიოდი მადრიდში, რომელიც 2013 წლამდე გაგრძელდა.
მისი ხელმძღვანელობით „რეალი” ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი სამეფო თასი მოიპოვა.