„მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” უკვე ორი ისტორია გაგაცანით. ფეხბურთელების ცხოვრების ეს სახალისო ეპიზოდები ესპანურ გაზეთს სხვადასხვა მიზეზის გამო გადანახული ჰქონდა და დღეს, როდესაც მთელი იბერიის ნახევარკუნძული პანდემიამ შინ გამოკეტა, მკითხველის გასახალისებლად გაასაჯაროვა. ამჯერად, გიამბობთ თუ რა შეემთხვა ჰოლანდიელ ფეხბურთელს, ახლა უკვე 36 წლის კლას იან-ჰუნტელაარს, რომელიც „აიაქსში” თამაშობს, 2009 წელს კი „რეალში” იყო.
ჰუნტელაარმა მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად 2009 წლის 4 იანვარს, „ვილიარეალის” წინააღმდეგ ითამაშა, მეორედ კი მთელი ერთი თვის შემდეგ, „ხიხონთან” შეხვედრაში ჩაიცვა თეთრი ფორმა. სწორედ „ხიხონთან” თამაშამდე ორიოდ დღით ადრე გაზეთ AS-ის პირველ გვერდზე დაიბეჭდა მისი ფოტო და წარწერა დიდი ასოებით: „ჰუნტელაარი: მე „რეალიდან” წასვლა მინდა!”
ჰოლანდიელმა გაოცებისგან პირი დააღო. მას AS-თან არ ულაპარაკია და ჟურნალისტს, რომელიც სტატიას ხელს აწერდა, არ იცნობდა.
როგორც გაირკვა, სიტყვები, რომლებიც AS-ის პირველ გვერდზე ეწერა მას წინა საღამოს(!) ჰოლანდიელ თანაგუნდელებთან სადილზე უთქვამს. სუფრას უსხდნენ: არიენ რობენი, რაფაელ ვან დერ ვაარტი, ვესლი სნეიდერი და როისტონ დრენტე. მათი კიდევ ერთი თანამემამულე რუუდ ვან ნისტელროი იქ არ იყო, საავადმყოფოში იწვა — მუხლის ოპერაცია გაიკეთა.
„რომელიღაც მათგანმა გამყიდა”, — უთხრა ჰუნტელაარმა „მარკას” ჟურნალისტს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა და რომელმაც გაიხსენა კიდეც ეს ამბავი.
თან, კარგ მთქმელს ხომ კარგი გამგონი უნდა. იმ სუფრაზეც, თავდამსხმელს ეს სიტყვები კატეგორიული ფორმით არ უთქვამს; უბრალოდ ბიჭებთან დაიჩივლა, თუ ასე გაგრძელდება სულ წავალ მაგის ასე და ისეო. ცხადია, ექვსწლიანი კონტრაქტის პატრონი ერთ თვეში არსად გაქცევას არ აპირებდა.
გამაოგნებელი კი ის იყო, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელები სადილად საღამოს 8 საათზე დასხდნენ, კლაასის სიტყვები კი მეორე დილით უკვე გაზეთში იყო.
გავიდა დრო, ჰუნტელაარი „შალკეში” გადავიდა და ერთხელ, როდესაც სათამაშოდ გელზენკირხენში მიემგზავრებოდა, ჟურნალისტს, რომელმაც ეს ამბავი გაიხსენა (და რომელიც გზაში ახლდა) ჰკითხა:
„როგორ ფიქრობ, მაშინ რომელმა გამყიდა? ანდა, რაში სჭირდებოდა ასეთი რამ? მე ხომ რაც ვთქვი, შინაურულად ვთქვი. არსად წასვლას არ ვაპირებდი და ეს ყველამ კარგად იცოდა.
იცი, რას გეტყვი? „ის” ამას არ იკადრებდა. ყველაზე მეტად ორ კაცზე მაქვს ეჭვი, „იმაზე” და „ამაზე”, თუმცა ზუსტად მაინც არ ვიცი”.
„მარკას” ჟურნალისტმა თურმე შეიცხადა, რას ამბობ, დაუჯერებელიაო, მაგრამ… ჩვენთვის საიდუმლოს ფარდა მაინც არ აჰხადა.
ასე რომ, ვიმარჩიელოთ.