პრემიერლიგის კლუბების ნაწილი შიშობს, რომ ხელფასების შეკვეცის გამო დიდი არეულობა იწყება და შექმნილი მდგომარეობა მათ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთელებთან დააპირისპირებს.
თავიდან იყო წინადადება, ყველა მოთამაშემ 30 პროცენტი მოიკლოს ან ხელფასების აღება გადავუვადოთო, მაგრამ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ეს იდეა არ მოიწონა. ასოციაცია შიშობს, რომ გასამრჯელოს ასეთი საყოველთაო დაკლება სახელმწიფოს გადასახადების სახით 200 მილიონ გირვანქას დააკარგინებს.
იმავდროულად გაირკვა, რომ რამდენიმე ძალიან მდიდარ კლუბს, შეთავაზება ასევე არ მოსწონს და მზად არის მის წინააღმდეგ იბრძოლოს. მდიდრებს თავიანთი ინტერესები აქვთ. ხვდებიან, რომ მდგომარეობით შეიძლება იხეირონ და ხელფასების გვარიანი ნაწილი აღარ გადაიხადონ.
ამასობაში კი, კლუბების უმრავლესობას ურჩევნია პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციასთან პრობლემა მეგობრულად მოაგვაროს.
თავის მხრივ ასოციაციას არ მოსწონს, რომ მას მერე, რაც „ლივერპულმა”, „ტოტენჰემმა”, „ნიუკასლმა”, „ნორვიჩმა” და „ბორნმუთმა” თავიანთი დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ეს კლუბები და მათთან ერთად მთელი პრემიერლიგა კრიტიკის ობიექტად იქცა.
არც მაღალხელფასიანი ფეხბურთელები გამოვიდნენ ლამაზად. თითქოსდა, მათ თავიანთი კლუბების დაბალხელფასიანი თანამშრომლებისთვის ფული ენანებოდეთ და გაჭირვებაში მათი ჯამაგირების დაფარვას ბიუჯეტს, სხვა სიტყვებით კი მოსახლეობას, გადასახადების უბრალო გადამხდელებს, გულშემატკივრებს სთხოვდნენ.
მდიდარი ფეხბურთელების უმრავლესობა, როგორც ამბობენ, თანამშრომლების ხელფასების გადახდაზე სულაც არ ამბობს უარს. უბრალოდ, მათ არ მოსწონთ, თუ როგორ უნდათ კლუბებს მათთვის გასამრჯელოს შეკვეცა ან გადავადება.
მათ არც პრემიერლიგის 30 პროცენტიანი დაქვითვის წინადადება მოსწონთ. წინადადება კი ასეთია: თუ ჩემპიონატს უმაყურებლოდ გავაგრძელებთ, წლიური ხელფასის 30 პროცენტი დაიკელითო.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი უეინ რუნი, გაბრაზდა: „ბოლო დღეებმა სამარცხვინოდ ჩაიარა. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ფეხბურთელები დაანამუსეს, შეარცხვინეს, კუთხეში დააყენეს და ახლა იქ, კუთხეში, იძულებულები არიან ხელფასები დაიკლონ. ეს ის სიტუაციაა, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს”.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი გარი ნევილი კი ამბობს, რომ პრემიერლიგა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას კარგად ვერ უმკლავდება.
ნევილი: „ფეხბურთში ძალიან ბევრი დაინტერესებული მხარეა, რომლთაც სხვადასხვა მიზნები აქვთ. ისინი გვარწმუნებენ, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, მაგრამ მთელი მძ…რი გულშემატკივარს ესხმება და ასეთ დროს პრემიერლიგამ სიმტკიცე უნდა გამოამჟღავნოს. პრობლემა თვითონ უნდა გადაჭრას”.
1980-იანი წლების დიდი ფორვარდი, ახლა კი ცნობილი მიმომხილველი გარი ლინეკერი: „პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია კარგად ვერ იქცევა, მაგრამ მოთამაშეები, ვისაც კი მე ველაპარაკე, მზად არიან მას დაეხმარონ”.
ლინეკერის სიტყვების დასტური პრემიერლიგის 20 კაპიტნის გადაწყვეტილება გახლავთ. მათ უნდათ ფონდი გახსნან და ფული ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს გადაურიცხონ.