თავს არ შეგაწყენთ მაიკ ტაისონის ცხოვრებიდან ლეგენდებად ქცეული ისტორიებით – მის შესახებ თითქმის ყველამ და თითქმის ყველაფერი იცის. მხოლოდ ერთ ეპიზოდს გავიხსენებთ – 2000 წლის 29 იანვარს, როცა „რკინის მაიკმა“ ევროპაში პირველად იკრივა.

უკვე ნაციხარი ტაისონის ვიზიტს მაშინდელი პრემიერი ტონი ბლერი ეწინააღმდეგებოდა და ფემინისტებიც კი მიუქსია, მაგრამ მანჩესტერის 23-ათასიან MEN Arena-ზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გაუხერხა ბრიტანული ვიზა.

ბუნებრივია, მაიკის ტრიუმფალურ გამოჩენას ევროპაში შესაფერისი მეტოქე სჭირდებოდა და მას მსხვერპლად ჯულიუს ფრენსისი შესწირეს. ჯულიუსი სულაც არ იყო ხურდა ბიჭი. მანამდე მას დენი უილიამსი გაელახა. ეს ის უილიამსი იყო, მერე – 2004 წელს, თავად ტაისონს რომ დაანოკაუტებს და კლიჩკოსთან საჩემპიონო ბრძოლის უფლებას მიიღებს.

ყველაფრის მიუხედავად, თავად ჯულიუს ფრენსისიც ხვდებოდა, რომ უშანსოდ იყო. ჰოდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა Daily Mirror… ბრიტანულ ტაბლოიდს მაშინ უბრალოდ The Mirror ერქვა. მისი წარმომადგენლები ფრენსისის ბანაკს დაუკავშირდნენ და 40 ათასი ფუნტი აღუთქვეს, თუ ჯულიუსი ე.წ. „ბოქსიორკების“ (საკრივო ფეხსაცმელი) ძირებზე გაზეთის ლოგოს დაატანდა.

მოკრივე დათანხმდა. შედეგი: ტაისონმა 4 წუთში 5 ნოკდაუნი აგემა მეტოქეს, რომლის ფეხის გულებზე დატანილი ლოგოც ასობით ფოტოობიექტივში მოხვდა, მილიარდმა მაყურებელმა კი პირდაპირ ეთერში ნახა. ინვესტიცია სუპერგამართლებული აღმოჩნდა.

„მხოლოდ პირველი ნოკდაუნი მახსოვს. რა თქმა უნდა, შემეძლო, ბაგირების გასწვრივ მერბინა, მაგრამ მაშინ ვერც მაიკის და ვერც ქომაგების პატივისცემას ვერ დავიმსახურებდი. იმ ბრძოლაში 350 ათასი გირვანქა გადამიხადეს – მეტი, ვიდრე მთელი წინა კარიერის განმავლობაში მქონდა ნაშოვნი. რაც შეეხება სარეკლამო 40 ათასის აღებას, დამამცირებლად სულაც არ ვთვლი,“ – ამბობს ფრენსისი. ის ახლა 55 წლისაა, დაცვაში მუშაობს და საკუთარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილია.