კაილი უოქერმა ძმაკაცთან და ორ მეძავთან ერთად სექს-წვეულება მოაწყო — ესეც შენი „დარჩი სახლში” პრემიერლიგურად. ერთ-ერთმა მეძავმა, რომელთაც რბილად და ლამაზად ესკორტის გოგებს უწოდებენ, ჟურნალისტებს უამბო, რომ მობურთალმა მილიონერმა მათ სამსაათიანი მომსახურეობის ფული გადაუხადა.

და მეორე დღეს უოქერს ეყო თავხედობა მთელი ინგლისისთვის საჯაროდ სახლში დარჩენისკენ მოეწოდებინა.

წუხელ, როგორც მერე ხდება ხოლმე, უოქერმა დიდი ბოდიშები იხადა და „მანჩესტერ სიტის” ბოსებისგან სოციალური დისტანციის დარღვევისთვის გვარიან ჯარიმასაც ელოდება.

ზოგადად, 29 წლის ფეხბურთელის სასიყვარულო თავგადასავლების ამბავი ასეა: წლეულს ის დიდი ხნის მეგობარ გოგონას ანი კილნერს დაშორდა და მოდელი ლორინ გუდმენი დააფეხმძიმა.

„მანჩესტერ სიტისთან” დაკავშირებულმა წყარომ მას-მედიას უთხრა, რომ კაილიმ თავისი საქციელით ზღვარი გადალახა და კლუბის გაცეცხლებული ხელმძღვანელები მას, ალბათ, სამაგალითოდ დასჯიან.

ცნობილი გახდა მეძავების ვინაობაც. ერთი ინგლისელი ყოფილა, 21 წლის, ლუის მაკნამარა (შავ-თეთრი ფოტო), მეორე კი ბრაზილიელი „გოგო გამოძახებით”, ოღონდ მის სახელს არ წერენ. უოქერმა მხიარული კამპანია ჩეშირში, მორთულ-მოკაზმულ ბინაში შეკრიბა, რომელშიც თვეში 8 000 გირვანქას იხდის.

საინტერესოა, რომ ეს ლუსი მაკნამარა მანჩესტერის მეტროპოლიტენ უნივერსიტეტში კრიმინოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.

მანჩესტერის ერთ-ერთ სააგენტოსთან ვთანამშრომლობ; ბოსისგან მესიჯი მივიღე, რომ VIP კლიენტს მომსახურება სჭირდებოდა, ის მაღალი დონის ქალს ეძებდაო, თქვა დამნაშავეთა სამყაროს მომავალმა რისხვამ. შემდეგ მან მოყვა, რომ ბინაში ტაქსით მივიდა. იქ ორი კაცი და მეორე გოგო დახვდნენ. მასპინძელმა უთხრა, რომ მას ჰქვია „კაი”, ბრაზილიელმა მეძავმა კი აივანზე სიგარეტის მოწევის დროს გაანდო, რომ ეს „კაი” ცნობილი ფეხბურთელია.

და კრიმინოლოგი რისი კრიმინოლოგი იქნებოდა, ერთი-ორი ფოტოს გადაღება რომ არ მოეხერხებინა. ერთ-ერთ მათგანზე ფულის გადაცემის მომენტია ასახული.

დანარჩენი დეტალები, რომლებიც, გვერწმუნეთ, ინგლისურ ჟურნალისტურ გამოძიებას არ აკლია, ვფიქრობთ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო არ არის. უბრალოდ გავიმეორებთ, რომ ორგიის მეორე დღეს, უოქერმა „ტვიტერზე” თავის 1,7 მილიონ გამომწერს ჭკუა დაარიგა, რომ აუცილებლად შინ უნდა დარჩნენ და უცხო ხალხთან სოციალური დისტანცია დაიცვან.

თვით მეძავმა-კრიმინალისტმაც კი თქვა, ჭკუა სად ჰქონდა, ეს რა თვალთმაქცი კაცი ყოფილაო.