ადრეც ვახსენეთ, რომ „მარკამ” პანდემიის პერიოდში შემოიღო რუბრიკა: „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ამ რუბრიკით ესპანური გაზეთი ჰყვება სხვადასხვა, აქამდე უცნობ, ხშირად სახალისო ან უცნაურ ისტორიებს. ამჯერად გთავაზობთ ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელის ანტონიო კასანოს მონაყოლს, რომელიც 2006-07 წლებში „რეალში” თამაშობდა.
უცნაური და საინტერესო კი ის არის, რომ „მარკა” კასანოს მონაყოლს ვერ ადასტურებს.
ანტონიო კასანო „კორიერე დელო სპორტთან” ინტერვიუში იგონებს: „ლა კორუნიაში „დეპორტივოსთან” 0:1-ს ვაგებდით. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავდათ. ჩვენ ვაგებდით, ხალხი კი გვისტვენდა. განსაკუთრებით რონალდოს (ლაპარაკია ბრაზილიელ ნაზარიო დე ლიმა რონალდოზე) უსტვენდნენ.
გასახდელში, მწვრთნელმა გადაწყვიტა რონალდო გაეყვანა და მის მაგივრად რუდ ვან ნისტელროი ეთამაშებინა, მაგრამ რონიმ ის გააჩერა და უთხრა, ჯერ არ შემცვალო, მაგრამ თუ 15 წუთში ორ გოლს ვერ გავიტან, მაშინ დამსვიო.
და მეორე ტაიმში, 15 წუთის შემდეგ ანგარიში იყო 2:1 ჩვენს სასარგებლოდ”.
„მარკას” ჟურნალისტები წერენ, რომ ამ ისტორიის დაჯერება ძნელია, რადგან კასანო, როგორც „რეალის” ფეხბურთელი, „დეპორტივოსთან” სულ სამ თამაშს შეესწრო და ამ შეხვედრებში მსგავსი არაფერი მომხდარა.
არადა, იტალიელი „დეპორტივოს” რამდენიმე ფეხბურთელს ასახელებს. ეს თითქოს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კასანოს ყველაფერი სწორედ ახსოვს, მაგრამ…
ჯანდაბას, თუნდაც გუნდი ეშლებოდეს, რონალდოსა და კასანოს „რეალში” ერთად ყოფნის წლებში „ფენომენმა” მეორე ტაიმში ორი გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა. ეს მოხდა კიევის „დინამოსთან” შეხვედრაში და ისიც 86-ე და 88-ე წუთებზე.
მაშ რას ჰყვება ანტონიო კასანო. ასეთი ზღაპრის გამოგონება, თანაც საჯაროდ, ინტერვიუში, გაგონილა? ანდა, რაში უნდა სჭირდებოდეს?
ესპანელ კოლეგებს კი ერთ ვარიანტს შევთავაზებდით: იქნებ ამხანაგური (ანდა სეზონისწინა) თამაშებისთვისაც გადაეხედათ, თუ აქვთ აღრიცხული, რასაკვირველია.