ესპანეთში შედგა შეხვედრა ლა ლიგისა და მოთამაშეთა კავშირის წარმომადგენლებს შორის, რასაც შემდგომ ასეთი გაგრძელება მოჰყვა: კავშირის ბოსები პრიმერადივიზიონის 20 კლუბის კაპიტნებს ესაუბრენ. თემა: პანდემიის პერიოდში ხელფასების შეკვეცა.
გაირკვა, რომ ფეხბურთელებმა იციან საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შესახებ — მარტივად რომ ვთქვათ, უბრალო ხალხი ვერ გაიგებს თუკი მობურთალი მილიონერები გაჭირვების და სიკვდილიანობის პერიოდში კვლავ თავის ასტრონომიულ ხელფასებს მოითხოვენ — თუმცა ხელფასების შეკვეცის ლა ლიგისეულ ვერსიასაც არ ეთანხმებიან.
ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ადრე თქვა, რომ ფეხბურთელები 46-49 პროცენტიან ფინანსურ დანაკარგს უნდა ელოდნენ, ისინი კი აპროტესტებენ, რადგან იციან, რომ სეზონი შეიძლება ჯერ კიდევ გაგრძელდეს, ტელეტრანსლაციები შედგეს და შესაბამისად, შემოსავალი არ შემცირდეს.
ფეხბურთელთა კავშირის პრეზიდენტმა დავიდ აგანსომ თქვა, რომ მას ჰქონდა მშვიდი საუბარი კაპიტნებთან, რომლებიც პრობლემის ყველასთვის მისაღებ მოგვარებას ითხოვენ. მათ აგრეთვე ილაპარაკეს მოთამაშეების ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე და კალენდარზე — ჯერაც არ არის ცნობილი დაბრუნდება თუ არა მიმდინარე სეზონში ფეხბურთი თუნდაც უმაყურებლო სტადიონებზე.
ფეხბურთელთა კავშირი ქვედა ლიგების კაპიტნებთანაც აპირებს შეხვედრას. ქვედა ლიგებში გასამრჯელოები გაცილებით მოკრძალებულია და საკითხს მკაფიოდ დალაგება სჭირდება.
„მარკასთვის” სანდო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ კავშიირს უნდოდა ყველაზე ცუდ შემთხვევაში (თუკი თამაშები არ განახლდება), ფეხბურთელებს მხოლოდ 8-10 პროცენტი დაქვითოდათ, მაგრამ ლა ლიგამ გამოაცხადა, რომ ეს შეუძლებელია.
მოლაპარაკებები გაგრძელდება.