არიან ფეხბურთელები, უსაზღვროდ რომ უყვართ თამაში.
არიან ფეხბურთელები, რომლებისთვისაც თამაში უბრალოდ პროფესიაა.
ასევე, არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რახან მოედანზე გამოვიდნენ, უნდა მოიგონ და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ მიაღწევენ გამარჯვებას.
მაგალითად, ხუან ესნაიდერს შეუძლია ადამიანს ტყუპი წიხლი ჩაჰკრას, რადგან ხედავს, რომ წაგებულია. მას ასევე შეუძლია ლოყაზე ხელი მოუთათუნოს და დასცინოს მამისტოლა კაცს, რომელმაც წესების დაცვით აართვა ბურთი.
ასეთი ფეხბურთელები ბევრნი არიან.
მათ ჰგონიათ, რომ პატიოსან ბრძოლაში მარცხი დიდი სირცხვილია და ამიტომ თავიანთი ქუჩურ-ძველბიჭური აღზრდიდან გამომდინარე, წაგებულნი, ადამიანის სახეს კარგავენ. ამ ფეხბურთელებს სწამთ, რომ თუ თავს თამაშით ვერ გამოიჩენ, ღირსება მუშტით, ოსტატური ფურთხებით ან გინებით უნდა დაიცვა.
წაგება არ ლახავს სპორტსმენის ღირსებას. სპორტსმენის ღირსებას ფურთხება და გინება ლახავს, მაგრამ ამის ახსნა ახლა სულ ტყუილია.
იმიტომ, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში კი არ უყვართ, არამედ საკუთარი თავი ამ თამაშში.
ესეც გასაგებია, თამაში ბევრნაირი კაცისგან შედგება. ის ხომ ცხოვრების, ხასიათების, ვაჟკაცობისა და სიმხდალის, სიყვარულისა დ სიძულვილის თამაშია.
მაინც მგონია, რომ ფეხბურთს ვერაფერს მატებენ ღირსების ამგვარი დამცველები. უფრო სწორად, ფეხბურთი უკვდავებას.
ფეხბურთი პარადოქსების თამაშია: კაცი ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის ნიმუშად დაგისახავს, ის კი ამპარტავნობის მაგალითია. გოლიათი გგონია და ქონდრისკაცია.
დიად დიეგოს ხელით გააქვს და ზეიმს აწყობს, მერე კი ყველაფერს ღმერთს აბრალებს. ღმერთო, ჰმ.
მარადონას აქ ხსენება თვითმიზანი არ არის. ორი თვის წინათ ფერნანდო იერომაც იგივე გააკეთა „ბარსა“ – „რეალის“ შეხვედრაში, ოღონდ ბედნიერებისაგან ტანსაცმელშემოხეულს გოლი არ ჩაუთვალეს. ესენი კაპიტნები იყვნენ.
ეს მთავარი ბნელი მხარეა, მაგრამ არის სხვა მხარეც.
გასულ კვირაში (შაბათს, კვირას და ორშაბათს) ოთხი მატჩი ვნახე – რუსეთის, ესპანეთის, გერმანიის და ინგლისის ლიგების თითო შეხვედრა. ოთხივეში დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ სწორედ ბოლო მათგანში მოხდა ის, რაც ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ ოთხივე შეხვედრის საფეხბურთო მხარე.
ჩრდილოეთ ლონდონში, „ჰაიბრის“ მინდორზე ფაულერმა უარი თქვა პენალტზე, რომელიც მის სასარგებლოდ დანიშნა მსაჯმა ჯერალდ ეშბიმ. პენალტი არ იყო. მაგრამ რამდენი პენალტი არ ყოფილა და სიხარულით გაუტანიათ? იმ ძველ და ახალ ფეხბურთელებს, რომლებსაც ამ სვეტის ქართულად წაკითხვა შეუძლიათ, თავაც ძალუძთ გაიხსენონ, რამდენჯერ გაკოტრიალებულან ტყუილად საჯარიმოში, პენალტი მოუთხოვიათ და ხშირად მიუღიათ კიდეც.
ეშბიმ თავისი არ დაიშალა (შემდგომში ხელები დაიბანა, ფაულერის ნათქვამი ვერ გავიგონე) და დანიშნა. მე გამიკვირდა, როცა ბურთთან კვლავ პატარა რობი დავინახე. დარტყმა სიმენმა მოიგერია, ორთაბრძოლაში ჯეისონ მაკატირმა იმარჯვა და მაინც შეუგდო მეთოფეებს.
ვერაკაცი ვერ დამაჯებს, რომ ის პენალტი სიმენმა აიღო. ის ფაულერმა არ გაიტანა. სიმენს ეგებ ხელშიც დაეჭირა ეს ბურთი, მაგრამ ჯანზე ვერ იყო და ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ პირველად თამაშობდა.
ფალურეს ლამის მთელმა მსოფლიომ უდეპეშა, ბავშვებს კი მაგალითად დაუსახეს.
მე კი მგონია, რომ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ვაჟკაცობა და საკუთარი ღირსეულობის მტკიცება პარტნიორების გინებით და მოწინააღმდეგისთვის ყელში ხელის წაჭერით არ სჭირდებათ.
მათ ამისთვის სხვა იარაღი აქვთ: ზრდილობა, ალალი გული და რა თქმა უნდა, ოსტატობა.
29.03.1997