ფრენკ ლემპარდის აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთის მწვრთნელის, ინგლისურად კი მენეჯერის საქმიანობა ძალიან გართულდა. „ჩელსის” თავკაცს ფეხბურთელობის წლებში ბევრი თავკაცი გამოუცვლია და ამბობს, რომ მათგან უამრავი რამ ისწავლა.
იმ მენეჯერთაგან, ვისთანაც თანამშრომლობა მოსწევია, ლემპარდს მჭიდრო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიუსთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. თუმცა, წიგნში რომელსაც ჰქვია „ბოსი — ჩელსის მენეჯერები ტედ დრეიკიდან ფრენკ ლემპარდამდე”, ის განსაკუთრებულ ყურადღებას პროფესიაში მომხდარ ცვლილებებზე ამახვილებს.
ლემპარდი: „დღეს ძალიან განსხვავებული ეპოქაა. კლუბების სტრუქტურა გაცილებით გართულებულია. ფეხბურთის ისტორიაში მენეჯერები არასდროს ყოფილან მიკროსკოპის ქვეშ ისე გამომწყვდეულები, როგორც დღეს არიან.
იმ 13 წლის განმავლობაში, რომელიც „ჩელსიში” გავატარე, ბევრი მენეჯერი გამოვიცვალე. დროდადრო, ზოგიერთ მათგანთან პრობლემებიც მქონდა. მაგალითად, ანდრე ვილაშ-ბოაშმა საერთოდ გუნდის მიღმა დამტოვა. მაშინ რთული დრო მედგა. მწვრთნელთან კონფლიქტში ვიყავი, მაგრამ დღეს, როდესაც თავად ღობის იქითა მხარეს ვარ, ამ ამბავს უკვე სხვა თვალით ვუყურებ. არადა, ფეხბურთელობისას სხვანაირად ვუყურებდი.
მენეჯერის საქმე ბოლო 20 წელიწადში გაცილებით ინტენსიური გახდა, განსაკუთრებით მას მერე, რაც „ჩელსიში” რომან აბრამოვიჩი მოვიდა. აქ უკვე გაიზარდა მოლოდინი და შესაბამისად, გაიზარდა ზეწოლაც. ეს თავის მხრივ მენეჯერებისგან რთული გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს, რომელთაც ძლიერი პიროვნებებისგან შედგენილი ძლიერი გუნდი სჭირდებათ.
ამდენი ადამიანის ხელმძღვანელობით მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა. მათ ფიქრისთვის დიდი მასალა დამიტოვეს. შედეგად, პროფესიას, რომელშიც ახლა ვარ სხვა კუთხით შევხედე.
„ჩელსის” მენეჯერს 25 წლის წინ, დღეს რომ სჭირდება იგივე თვისებები არ სჭირდებოდა. მათგან, ვისი ხელმძღვანელობითაც ვთამაშობდი, ბევრი რამ ავიღე. ამ მწვრთნელთაგან ზოგს არ ვეთანხმებოდი, ზოგთან შეხმატკბილებული გახლდით. მაგრამ ყველა მათგანის განსხვავებული ხასიათი და დამოკიდებულება დღეს მე ჩამოყალიბებაში მეხმარება”.
ლემპარდი „ჩელსის” ცხელ სკამზე (ასე ეძახიან ინგლისში ზოგადად რთულ და კერძოდ ფეხბურთის მენეჯერის თანამდებობას) შარშან ზაფხულზე დაჯდა. მანამდე ცოტა ხანი „დერბის” უხელმძღვანელა და ჩემპიონშიფის ეს გუნდი ფლეი-ოფის ფინალში გაიყვანა.
ყოფილი ნახევარმცველი, რომელმაც „ლურჯების” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალა, ამბობს, რომ ის შეძლებს გახდეს ისეთივე კარგი მენეჯერი, როგორი ფეხბურთელიც იყო.
ლემპარდი: „დერბიში” გატარებული ერთი წლის შემდეგ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ „ჩელსის” თავკაცად მიმიწვევდნენ.
ხომ არ შევცდი, ასეთ დიდ თანამდებობას ასე მალე რომ დავთანხმდი? ადრე ხომ არ იყო ჩემთვის?
არა მგონია, რადგან საკუთარი შესაძლებლობების მჯერა. თუმცა, ისიც მესმის რატომაც გაჩნდა ეს შეკითხვა. მე, როგორც ფეხბურთელს, „ჩელსიში” შესანიშნავი კარიერა მქონდა, მაგრამ ფეხბურთელობა მწვრთნელობასთან არაფერ შუაში არ არის.
ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მე მისი არ მეშინია.
ჩემი მიზანი მარტივია — ვიყო „ჩელსიში” და ვიყო რაც შეიძლება წარმატებული. ხოლო, თუ ამას ვერ შევძლებ, ამით ჩემს 13 წლიან კარიერას, მერწმუნეთ, არაფერი დააკლდება.
თუმცა, ვიმეორებ, ჩემი მიზანია გავხდე ისეთივე წარმატებული მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც ვიყავი”.