
პრემიერლიგის ფეხბურთელები ხელფასების შეკვეცას და ჩამოჭრილი ფულით თავიანთივე კლუბების არამოთამაშე თანამშრომლების შენახვას არ აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ მოწოდებას იოლად არ დათანხმდებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯერ გასარკვევია, მართლა არ შეუძლიათ კლუბებს ყველა თანამშრომლის ხელფასის გადახდა თუ ცუღლუტობენ.
არადა, მოწოდება მთავრობიდან მოდის და ისიც სულ ისმის, რომ დროა მობურთალმა მილიონერებმა პანდემიის რთულ პერიოდში ხელფასები მოიკლონ და საერთო ბრძოლაში წვლილი შეიტანონ.
ზემოთ ვთქვით, რომ ფეხბურთელები თანამშრომლების სასარგებლოდ გასამრჯელოს მოკლებაზე უარს ამბობენ, მაგრამ რეალურად ეს პოზიცია მათმა გაერთიანებამ, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მიიღო. ასოციაციამ ოფიციალური განცხადებაც დაწერა, სადაც ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, თუ რა სენტიმენტებს იწვევს ხალხში არამოთამაშე სტაფის მდგომარეობა და რა ცუდად წარმოაჩენს მოთამაშეებს, რომლებიც მდიდარი ხალხია და ისე გამოდის, თითქოს თანამშრომლებისთვის ფული ენანებათ. იქვე წერია, რომ ყველა ფეხბურთელისთვის გასაგებია, თუ რა მნიშვნელოვანია არამოთამაშე თანამშრომლების საქმე ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ არის ეჭვი, რომ ჯამაგირების ასეთი მოკლება ფულს კლუბების ცბიერ მეპატროენეებს დაუზოგავს და ამიტომ, საჭიროა მათ ჯერ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა გამოამზეურონ. ყველას დაანახონ, რომ ხელფასებს მართლა ვეღარ იხდიან.
მთავრობის გეგმა თანადგომის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში ივარგებს, თუ ამის რეალური საჭიროება არსებობს და არამოთამაშე სტაფისთვის გადასახდელი ფული მართლა არ არისო.
შესაძლოა, პრემირლიგელი ფეხბურთელები „ტოტენჰემის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ დააეჭვა, რომელმაც თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში იმ დღეს გაუშვა, როდესაც… მთელი ინგლისისთვის ცნობილი გახდა, რომ ის კოლეგებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია და გასულ სეზონში ხელფასისა და პრემიების სახით 7 მილონი გირვანქა მიიღო.
ლევიმდე კლუბის თანამშრომლებს „ნიუკასლ იუნაიტედის” თავმჯდომარე მაიკ ეშლი დაერია და ყველა, ვინც ფეხბურთელი არ იყო, შინ გაუშვა. თან, თავისი საქციელი სამთავრობო მითითებით გაამართლა — ფული ბიუჯეტს მიაქვსო.
საინტერესოა, რეალურად ვინ რას იტყუება, ვინ ძუნწობს და ვინ მართლა ცდილობს ვითარების გამოსწორებას.