პანდემიის მძიმე დღეებში ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” შემოიღო რუბრიკა: „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ისტორიები თუ ანეგდოტური სიტუაციები, რომლებიც აქ არის მოთხრობილი, ცხადია სპორტს ეხება და ერთ-ერთი მათგანი ბრწყინვალე კამერუნელ თავდამსხმელზე სამუელ ეტო’ო-ზეა.
თურმე, 2011 წლის დასაწყისში, როდესაც ეტოო უკვე ვეტერანი იყო და მახაჩყალის „ანჟიში” თამაშობდა, უცნაურმა მოვლენებმა იჩინა თავი. მაგალითად, კამერუნიდან დედამ შემოუთვალა, შვილო, ფულს რომ მიგზავნიდი, რატომ აღარ მიგზავნიო; ღამის კლუბმა, რომელსაც ფეხბურთელი სამშობლოში ფლობდა, მოსწერა, ერთი-ორი თვეა აღარაფერი გადმოგირიცხავს და იქნებ რამე მოგვიხერხოო.
ყველა გადარიცხვაზე პასუხისმგებელი კი სამუელის აგენტი იყო.
გაირკვა, რომ კომპანიამ, რომელიც ფეხბურთელს ეკუთვნოდა და მის ქონებას განკარგავდა, ეს ქონება სხვებს გადაუფორმა. ეტო’ოსთვის ერთი პროცენტიღა დაუტოვებიათ, დანარჩენი კი მავან და მავან ფირმებზე გადაუნაწილებიათ. მავანთ და მავანთ კი აგენტი ხოსე მარია მესალესი აკონტროლებდა.
ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყოო, იკითხავთ თქვენ.
საქმე ის ყოფილა, რომ თავდამსხმელს 22 წლის ასაკში ყველაფერი ზემოხსენებული მესალესისთვის ჩაუბარებია: ყიდვა, გაყიდვა, ფულის გადარიცხვა, თანხების განკარგვა… მოკლედ, მთელს 40 მილიონ ევროს, რომელიც კამერუნელმა ვარსკვლავმა 2006-2009 წლებში დააგროვა, ეს კაცი ატრიალებდა.
ზემოხსენებული კომპანია ფლობდა ეტო’ოს ოთხ სახლს პალმა დე მლიორკაში, ბარსელონაში, პარიზში. მთელ შენობას დუალაში, რომელიც კამერუნის უდიდესი ქალაქია. პარკინგებს, საწყობებს, „ბენტლის”…
მეტიც, ეტო’ომ აღმოაჩინა, რომ რამდენიმე კომპანიის ვალიც კი ჰქონია.
და მეგობრებთან კონსულტაციის შემდეგ ფეხბურთელმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. ჩივლიმა გაამართლა, ვარსკვლავმა ქონების დიდი წილი დაიბრუნა კიდეც, მაგრამ ძალიან ცუდი დროებაც გადაიტანა.