ის, რაც კორონავირუსის პანდემიას მოჰვება, ჯერ კიდევ არავინ იცის. იმის გარდა, რომ ახლა მთავარი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა, ძალიან იცვლება ეკონომიკური შემადგენლებიც. მსოფლიოს აშკარად ახალი თამაშის წესებით მოუწევს ცხოვრება.

აგერ, მაგალითად, საფეხბურთო ობსერვატორიის (CIES) კვლევებზე დაყრდნობით, ინგლისელები წერენ, რომ კორონავირუსის მიზეზით, დიდი კლუბები ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე დაახლოებით 8 მილიარდ გირვანქას დაკარგავენ.

მაგალითისთვის კი „მანჩესტერის“ ფრანგი ვარსკვლავი პოლ პოგბა მოჰყავთ, რომელიც ერთი თვის წინ 100 მილიონი ევრო ღირდა, დღეს კი მისი სატრანსფერო ფასი 31 მილიონია, ანუ სამჯერ ნაკლები.

საფეხბურთო ობსერვატორიას ფეხბურთელების ფასების დადგენის თავისი კრიტერიუმები აქვს: ასაკი, არსებული კონტრაქტის ვადები, კარიერული გზა და ბოლო მონაცემები.

პოგბა, რომელსაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება, მიმდინარე სეზონში ტრავმებმა გატანჯა, სულ შვიდ შეხვედრაში ითამაშა პრემიერლიგაში.

წერენ, რომ ამ მხრივ, წამყვან ხუთ ევროპულ ლიგაში, ყველაზე მეტად  „სიტი“ იზარალებს (366 მილიონი გირვანქა), შემდეგ მოდის „ბარსელონა“ (325 მილიონი), „ლივერპული“ (314), მადრიდის „რეალი“ (311), „მანჩესტერი“ (260), „ჩელსი“ (223), „არსენალი“ (154).