იტალიური „ბრეშას“ მფლობელმა მასიმო სელინომ, მკაცრად გააკრიტიკა სერა A-ს კლუბები და უეფა. მისი თქმით, სეზონის განახლება არაფრით შეძლება, რადგან ჯერ ერთი, ეს საშიშია ფეხბურთელებისთვის და მეორეც, ეს უპატივცემულობა იქნება ბრეშას იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც კორონავირუსის მიზეზით დაზარალდნენ.

სელინო ერთობ გაბრაზებული ჩანს: „იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსისგან. ამ სეზონის განახლებას აზრი აღარ აქვს. უმაყურებლოდაც რომ ვითამაშოთ, ფეხბურთელები მაინც დიდი რისკის ქვეშ დგებიან. მე რომ მკითხოთ, სეზონის განახლება ნამდვილი სიგიჟეა. თუ მაინც განაახლებენ, მზად ვარ, მატჩებზე გუნდი არ გავიყვანო და 3:0 წაგება ჩამეთვალოს. ამას ბრეშას დაზარალებული და დაღუპული მოქალაქეების საპატივცემულოდ გავაკეთებ,“ – დასძინა სელინომ.

მან უეფას ჩინოვნიკებსაც გაჰკრა კბილი, რომლებიც ჯერ კიდევ არ კარგავენ იმედს, რომ ევროპაში ეროვნული ჩემპიონატები მაინც ჩამთავრდება.

„ისინი ქედმაღლები და უპასუხისმგებლოები არიან. მხოლოდ საკუთარ ეკონომიკურ ინტერესებზე და ფულზე ფიქრობენ. მაგრამ უეფა არ წყვეტს იტალიის ჩემპიონის ბედს. ამას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. მათი ვარაუდით, ჩემპიონატები 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს. ჯერ როდის განახლდება არავინ იცის და მერე ყოველ მეორე დღეს ვითამაშოთ? უეფას თუ მართლაც რაიმე სასარგებლოს გაკეთება უნდა, გამოაგზავნონ ბრეშაში ჟანგბადის ბალონები და რესპირატორები. ძალიან მადლობლები დავრჩებოდით ამისათვის,“ – ბობოქრობს სელინო, რომელიც თავის დროზე ინგლისური „ლიდსის“ მფლობელიც იყო და მაქინაციებისთვის კინაღამ ვირის აბანოს გზას გაუყენეს.

სელინოს სერია A-ს სხვა კლუბების მფლობელებთანაც მოუვიდა კამათი. მაგალითად, ლაციოს პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს, მიაჩნია, რომ სეზონი უნდა ჩამთავრდეს, რადგან რომაული კლუბი ჩინებულად თამაშობს და „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის.

სელინოს კი გაიძვერობაში დასდო ბრალი, მისი „ბრეშა“ ცხრილში ბოლო ადგილზეა და ამ ხერხით უნდა გუნდის გავარდნისგან გადარჩენაო.