მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ ისტორიას 1903 წლიდან ითვლის. წლეულს კორონავირუსის პანდემიამ მის ჩატარებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა, თუმც ორგანიზატორებს ველორბოლის გადადების ან უმაყურებლოდ გამართვის გაგონებაც არ უნდათ.
ფრანგული გამოცემა Le Point იტყობინება, რომ ტურნირის გენდირექტორი კრისტიან პრიუდომი მოლაპარაკებას აწარმოებს სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან შეჯიბრების ამ ქვეყანაში გამართვის თაობაზე.
ფრანგული მხარის უმთავრესი მოთხოვნა ველორბოლის მთელ მარშრუტზე მკაცრი საპოლიციო თანხლების ორგანიზებაა. ისინი მზად არიან, ტრადიციული სამკვირიანი (20 ეტაპი) მარშრუტი ორ კვირამდე შეკვეცონ.
შეთანხმება თუ შედგა, ტურნირი სტარტს სეულში აიღებს. არადა, გეგმის თანახმად ველორბოლა 27 ივნისიდან 18 ივლისამდე უნდა გამართულიყო და სპორტსმენებს ნიცადან პარიზამდე 3470 კილომეტრი უნდა დაეფარათ. „ტურ დე ფრანსის“ მოქმედი გამარჯვებული კოლუმბიელი ეგან ბერნალი გახლავთ. საბოლოო გადაწყვეტილება 15 მაისამდე უნდა გაცხადდეს.