ცნობილი გახდა, რომ ინგლისური ფეხბურთის ვეტერან ვარსკვლავ ეშლი კოულს შინ ნიღბიან მძარცველთა ბანდა დაესხა თავს. წარსულში სახელგანთქმული მოთამაშის საცხოვრებელი გადმოუქოთიათ და ძვირფასეულობა წაუღიათ. ამბავი, რომელსაც აქამდე მოხერხებულად მალავდნენ 21 ინავარს, საღამოს 10 საათვისთვის მომხდარა. პოლიციამ ჯერ ვერავინ დაიჭირა.
მძარცველებმა, რომელთაც, როგორც მოგახსენეთ, ნიღბები ეკეთათ, კამუფლიაჟის სამოსიც სცმიათ. მათ კოულის სახლში უკანა კარიდან შეაღწიეს.
„სანმა” თავისი წყაროებით შეიტყო, რომ 39 წლის ვარსკვლავი სკამზე მიაბეს, თუმცა მის ოფიციალურ წარმომადგენელს ეს არ დაუდასტურებია.
„სანის” წყარომ ასე მოყვა: „საშინელება იყო. მძარცველები პროფესიონალები ჩანდნენ. მათ ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ვფიქრობ, ეშლის სახლზე თავდასხმა თავიდანვე ჰქონდათ დაგეგმილი და იქაურობა წინასწარ შეისწავლეს”.
არის ვერსია, რომ ეშლი კოულის ბინა იმავე ყაჩაღების გაძარცულია, რომელთაც ბოლო პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში თორმეტი მდიდარი ოჯახი გაძარცვეს და 10 მილიონი გირვანქის საქონელი წაიღეს. ისინი სავარაუდოდ, ყოფილი სპეცრაზმელები არიან.
ამბობენ, რომ კოული, რომელიც ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს და „ჩელსის” მომავალ თაობას წვრთნის, მომხდარმა შეაძრწუნა, თორემ ფიზიკურად არაფერი დაშავებია.
მეზობლები ადასტურებენ, რომ გამომძიებლებმა ისინი რამდენჯერმე დაჰკითხეს. ერთმა თქვა:
„როგორც ჩანს პოლიცია საქმეს ძალიან სერიოზულად იძიებს, რადგან იანვრის შემდეგ ჩვენც წარამარა გვაკითხავდნენ.
სამეზობლოში ეშლი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანია, მისი სახლი კი თანამედროვეა და დაცული. ამიტომაც, ეს ძარცვა აუცილებლად გამოსაძიებელია.
ჩვენს დასახლებაში ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომელიც თავის საკუთრებას საგანგებოდ უფრთხილდება და ამიტომ მომხდარმა ყველა შეაშფოთა.
დაკითხვის დროს გამომძიებლებს ეშლი კოული არ უხსენებიათ, მაგრამ ყველამ ვიცოდით, ვისი სახლის ძარცვაზეც იყო ლაპარაკი.
გამომძიებლებმა გვთხოვეს მომხდარის შესახებ არავისთან გველაპარაკა, მაგრამ ვერ გავიგეთ რატომ. იმიტომ, რომ კოული ცნობილი ადამიანია და არ უნდოდათ, რომ მის სახლზე თავდასხმის ამბავი გახმაურებულიყო თუ იმიტომ, რომ ძარცვის გამეორების ეშინოდათ”.
ასაკის მიუხედავად, ეშლი კოულმა, რომელიც ორი შვილის მამაა, ფეხბურთის თამაშს თავს სულ ახლახანს, 2019 წელს დაანება. სხვადასხვა დროს ის გამოდიოდა „არსენალში”, „კრისტალ პალასში”, „ჩელსიში”, „რომაში”, „ლოს ანჯელეს გალაქსისა” და „დერბი ქაუნთიში”.
კოულს ინგლისის ნაკრებში 107 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც ერთგვარი რეკორდია — ამ ქვეყნის განაპირა მცველთაგან ეროვნული გუნდის ფორმა ამდენჯერ არავის მოურგია.