როცა მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ნარცისად კრიშტიანუ რონალდუს ასახელებენ, გერმანელი ექსპერტებისა და ჟურნალისტების დიდი ნაწილი გულიანად იცინის. მათთვის ამ ტიტულის ერთადერთი „კანონიერი“ მფლობელი მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯი მანუელ ნოიერია.

34 წლის მეკარე თავს ერთადერთად და განუმეორებლად მიიჩნევს შესაბამისი პრეტენზიებით. „ბაიერნი“ ნოიერს, რომელსაც კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, 2023 წლამდე თანამშრომლობას სთავაზობს, ეს უკანასკნელი კი 5-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს. გარდა ამისა, ნოიერს ძირითად შემადგენლობაში დაჯავშნული ადგილი სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ „შალკედან“ გადაბირებულმა ალექსანდრ ნობელმა მთელი საკონტრაქტო ვადა სათადარიგოთა სკამზე უნდა გაატაროს.

ნოიერი და კლუბის ხელმძღვანელობა ვერც მისი ჯამაგირის თაობაზე თანხმდება. ვაღიაროთ: მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა იმას იმკის, რაც დათესა. მათ ხომ ირიბად აღიარეს, რომ ფაქტობრივად აშანტჟებდნენ იოაჰიმ ლიოვს, ნოიერი ნაკრების ძირითადში ათამაშეო. ისიც ვთქვათ, რომ ბოლო წლებში მანუელი ტოპებში აღარ შედის და მისი ყბადაღებული ფეხით თამაშიც ხშირად უმიზნოდ კარიდან გამოვარდნებს ემსგავსება. ამის შედეგიც იყო, რომ „ბაიერნმა“ სამიზნედ ბარსელონელი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი შეარჩია… თუმც ნოიერსაც ჰყავს მუშტარი – „ჩელსი“ ინტერესს არ მალავს, მაგრამ ჯერ ფრენკ ლამპარდისგან ათვალწუნებული კეპა უნდა გაყიდოს.

დაველოდოთ, რითი დასრულდება „ნოიერის გამბიტი“ – ბავარიაში ფეხბურთელთა ხუშტურებზე სიარული არასოდეს უყვარდათ.