კარლო ანჩელოტიმ „კორიერე დელო სპორტის” ფურცლებიდან ინგლისური ფეხბურთის შეფები გააფრთხილა, სჯობს უარესი სცენარისთვის მოემზადოთო. იგივე ეხება დანარჩენ მსოფლიოსაც.
ინტერვიუში „ევერტონის” მწვრთნელი ამბობს, რომ ამიერიდან ფეხბურთის ეკონომიკა შეიცვლება და ზღაპრული ტრანსფერების ეპოქა წარსულს ჩაბარდება.
ანჩელოტი: „ფეხბურთელები და მწვრთნელები ნაკლებ ხელფასებს მიიღებენ. სტადიონის ბილეთებიც გაიაფდება, რადგან ხალხს ფული აღარ ექნება. ეკონომიკა ყველა დონეზე შეიცვლება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”.
არადა, წამყვანი ევროპული ლიგების თავკაცები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ შეწყვეტილი ჩემპიონატების გაგრძელებას შეძლებენ და დიდ ზარალს გადარჩებიან, მაგრამ 60 წლის იტალიელი, რომლის სამშობლოსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, მოვლენებს სხვანაირად უყურებს:
„გავიგე, რომ ზოგი ხელფასების დროებით შეკვეცას აპირებს, ზოგიც გადახდის გადავადებას ფიქრობს, მაგრამ ეს ნაბიჯები ვადაგასულია. ასეთი გადაწყვეტილებები უკვე უადგილო მგონია. ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვლება. სატელევიზიო ტრანსლაციათა უფლებებიც გაიაფდება. ყველაფერს აჯობებს ძირეული ცვლილებებისთვის მოვემზადოთ.
დღეს, მთავარი ადამიანების ჯანმრთელობა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვაა. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
თუ დამიჯერებთ, სულ არ მადარდებს როდის დაამთავრებთ სეზონს, როდის განაახლებთ თამაშებს. მნიშვნელოვნად არც ახალი თარიღები მიმაჩნია და არც სხვა დაპირებები.
პრემიერლიგამ კლუბებს სამკვირიანი შვებულებების აღება აიძულა. ეს შეეხო ყველას: მოთამაშეებს, მწვრთნელებს, პერსონალს. თავიდან უნდოდათ ჩემპიონატი მაისში გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს გამორიცხულია. მნიშვნელობაც არ აქვს. ახლა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლას აქვს აზრი.
როდესაც ვიგებ, რომ ზოგი შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლების წინ პატარა მოსამზადებელ პერიოდზეც ლაპარაკობს, უბრალოდ მეცინება. ვიღაცამ თქვა, იქნებ სამკვირიანი შეკრებები მოვაწყოთო. ეს სისულელე, უნიჭო ხუმრობა და სიყალბეა.
ვირუსს რომ დავამარცხებთ, შემდეგ რასაკვირველია შევძლებთ შეჯიბრების გაგრძელებას. ამინ!”