კონტინენტური რაგბის მმართველნა ორგანიზაციამ – „რაგბი ევროპამ“ ობიექტურად შეაფასა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და თავისი ეგიდით გასამართი ტურნირები განუსაზღვრელი ვადით გადადო.

თავდაპირველად ტურნირების განახლება 15 აპრილს იგეგმებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შეუძლებელია და გადაწყვეტილებაც სავსებით ლოგიკურია.

„განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ, რომელსაც სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. ყველა იმ ადამიანისა და სპორტსმენის ჯანმრთელობა, რომელიც რაგბშია ჩართული, ჩვენთვის პრიორიტეტია და ამიტომ, ყველა ტურნირს განუსაზღვრელი ვადით ვაჩერებთ. არ განახლდება ტურნირები და მატჩები მანამ, ვიდრე არ შესრულდება ამისათვის საჭირო ყველა პირობა, მათ შორის არ იქნება დრო გუნდების მოსამზადებლად“, –  განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

რაგბი ევროპის ეგიდით, ყოველწლიურად 20-ზე მეტი ტურნირი და 80-ზე მეტი მატჩი იმართება, მათ შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, 7-კაცასა და 7-ქალას ტურნირები, ასევე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები.