ბირმინგემელებს ხელფასები გაუნახევრეს.

ინგლისში პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია პრემიერლიგასა და ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციას სასწრაფო შეხვედრას სთხოვს — ხელფასის საკითხებზეა სალაპარაკო. აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც „ლესტერმა” „ასტონ ვილას” 4:0 მოუგო და მას მერე ფეხბურთის სამშობლოში ბურთი აღარ გაგორებულა.

ინგლისელებმა სხვადასხვა ლიგაში ჩემპიონატები მას მერე შეწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ მიკელ არტეტა და კალუმ ჰადსონ-ოდოი კორონავირუსით იყვნენ ავად.

თავდაპირველად უქმობა 3 აპრილამდე გამოცხადდა, მაგრამ, შემდეგ ვადა 30 აპრილამდე გადაწიეს. თამაშების გაუქმებამ კი კლუბებს ფინანსურად დაარტყა, განსაკუთრებით დაბალ ლიგებში. მათ ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავალი დააკლდათ და შესაბამისად, ფეხბურთელებისთვის ხელფასების შემცირებაზე დაიწყეს ფიქრი.

პირველი კლუბი, რომელმაც ხელფასების შემცირებას მიჰყო ხელი, „ბირმინგემ სიტი” გახლდათ. ამ კლუბის შეფებმა ფეხბურთელებს, რომელთაც კვირაში(!) 6 ათას გირვანქაზე მეტი აქვთ, ხელფასის განახევრება შესთავაზეს.  იმავე გზას დაადგა „ლიდს იუნაიტედი”, ეს კი პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას ცუდ ტენდენციად მოეჩვენა და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფეხბურთის დიდმოხელეებს სასწრაფო შეკრება მოსთხოვა.

გუშინ მოგახსენებდით, რომ ხელფასის შემცირება ესპანურმა კლუბებმაც დაიწყეს. „ბარსელონამ” ჯამაგირები 70 პროცენტით შეკვეცა,  კატალონიური კლუბის ფეხბურთელთა ჯამური გასამრჯელო კი დაახლოებით 600 მილიონი ევროა, ხოლო კლუბის თანამშრომლების — 367 მილიონი ევრო.