ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდება. მიზეზი: კორონავირუსი. ეს სიხლე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრმა დიკ პაუნდმა თქვა.
დიდმოხელის ამ სიტყვებს წინ უძღოდა კანადისა და ავსტრალიის უარი ტოკიოში ჩასვლაზე, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი მრავალრიცხოვანი და გავლენიანი გუნდის (თუ გნებავთ ქვეყნის), დიდი ბრიტანეთის განცხადება — კორონავირუსის პირობებში ოლიმპიადაში მონაწილეობას ალბათ არც ჩვენ მივიღებთო.
პაუნდმა USA Today-ს განუცხადა: „ოლიმპიადის გადადება გადაწყდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც სოკ-ს გააჩნია. ახალი თარიღები ჯერ არ დაგვიდგენია, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოლიმპიური თამაშები 24 ივლისს არ დაიწყება”.
სოკ-მა საკუთარ თავს ოთხკვირიანი ვადა მისცა, განაცხადა, რომ ამ ხნის განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგრამ ვეტერანმა და ავტორიტეტულმა სპორტულმა ჩინოვნიკმა პაუნდმა თქვა, რომ რეალურად განცხადება ძალიან მალე გაკეთდება:
„ეს უკვე დღის წესრიგშია. ჩვენ ოლიმპიადას გადავდებთ და შევეჭიდებით იმ ვეებერთელა მოცულობის სამუშაოს, რომელიც თამაშების გადატანასთან იქნება დაკავშირებული”.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კანადისა და ავსტრალიის უარს მალევე მოჰყვა დიდი ბრიტანეთის ფაქტობრივი უარიც, რამაც, როგორც ჩანს (და როგორც BBC წერს), საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ბრიტანეთის ოლიმპიური ასოციაციის თავმჯდომარემ ჰიუ რობერტსონმა Sky Sports News-თან საუბარში განაცხადა:
„იმის მიხედვით, თუ როგორ მიდის საქმეები, ჩვენ ვერ ვხედავთ ოლიმპიადის ჩატარების გზას. ვფიქრობ, ძალიან მალე ავსტრალიასა და კანადას შევუერთდებით”.
(იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ინფორმაცია იწერება გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით დაავადების 6650 შემთხვევაა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 335-ს უდრის).
რობერტსონი: „ვფიქრობ, ყველაფერი მარტივად და გასაგებადაა. თუ კორონავირუსის გავრცელება ისე გაგრძელდება, როგორც ბრიტანეთის მთავრობა ვარაუდობს, ჩვენ ოლიმპიადაზე გუნდს ვერ გავაგზავნით.
ჯერ ერთი, მე ვერ ვხედავ რანაირად უნდა მოასწრონ ბრიტანელმა სპორტსმენებმა მომზადება. ჩვენს ქვეყანაში ყველა მაღალი დონის საწვრთნელი სარბიელი დაკეტილია და ეს სრულიად გამართლებულია.
გარდა ამისა, არა მგონია ასეთ დროსა და ასეთ ვითარებაში ოლიმპიური თამაშების ჩატარება მიზანშეწონილი იყოს”.