კორონავირუსს ერთი-მეორეს მიყოლებით დანებდნენ ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციები. გაჩერდა ყველა ტურნირი. უფრო სწორად – თითქმის ყველა, რაკი, მაგალითად, დღევანდელ სპორტულ განრიგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი კვლავ გრძელდება მიანმარსა და ნიკარაგუაში…

თუმცა ამ საყოველთაო უძრაობაში, ბოლო, ვინც ჯიუტად არ ნებდებოდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იყო. სოკ-ში და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში ომახიანად ამტკიცებდნენ, რომ თამაშების დათქმულ დროს ჩატარებას არაფერი ემუქრებოდა.

არადა, ეს უცნაური განცხადება იყო: თუკი ყველა სახეობამ შეჯიბრები შეაჩერა და მათ შორის ისინიც, რომლებზეც ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდებოდა, რა პრინციპით უნდა შერჩეულიყვნენ ოლიმპიელები?

ახლა კი, როგორც ჩანს, ოლიმპიელებიც გატყდნენ. გუშინ როიტერმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, ჟენევასა და ტოკიოში ოლიმპიადის გადადების ვარიანტს ჩუმად განიხილავენო.

ცნობა სწორი გამოდგა. დღეს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშების ჩატარების დროსთან დაკავშირებით, 4 კვირის ვადაში მიიღებს. ითქვა ისიც, რომ დისკუსიაში სოკ-ი, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი და იაპონიის მთავრობა მიიღებს მონაწილეობას.

წესით, თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარდეს.

პროგნოზი კი ასეთია: ოლიმპიადა, ისევე როგორც ყველაფერი სხვა, გადაიდება. ამ პროგნოზს სიმყარე დღეს კანადის და ავსტრალიის ოლიმპიური გუნდების განცხადებებმა შემატა – ეს ქვეყნები ოლიმპადაზე უარს ამბობენ!

თუკი ამ საქმისა რამე გაგვეგება, დარწმუნებულები ვიყოთ, რა უარის მთქმელთა რიგები იმდენად გაიზრდება, სოკ-ს გადადების გარდა, სხვა გზა, უბრალოდ არ დარჩება.