თუკი პრემიერლიგა სეზონის განახლებამდე ფეხბურთელებს სავარჯიშოდ ხუთ კვირას არ მისცემს, ჩათვალეთ, რომ ისინი რუსულ რულეტს თამაშობენ! ასე მძაფრად გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჰოლანდიელმა რაიმონდ ვერჰეიენმა, რომელიც „ბარსელონაში”, „მანჩესტერ სიტიში” და უელსის ნაკრებში ფიზიკური მომზადების მწვრთნელად არის ნამუშევარი.

ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მაისის დასაწყისში ბურთი მართლა რომ გაგორდეს, ფეხბურთელები რვაკვირიანი უქმობის შემდეგ პირდაპირ საქმეში ჩაერთვებიან.

ვერჰეიენი: „მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩემპიონატი მხოლოდ შესაბამისი მომზადების მერე განაახლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთამაშეებს რუსულ რულეტს ვათამაშებთ.

არდადეგები ჩვეულებრივ ოთხ კვირას გრძელდება, რის შემდეგაც 4-6 კვირიანი მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს ხოლმე. ასე ვაღწევთ ფიზიკური მომზადების იმ დონეს, რომელიც თანამედროვე პროფესიულ ფეხბურთს სჭირდება. დღევანდელ პირობებში კი 7-8 პასიური კვირა გამოგვდის. ამიტომ, სამკვირიანი მომზადებაც კი ძალიან ცოტა იქნება. ეს აბსოლუტური მინიმუმია.

ეს დაახლოებით იგივეა, მოთამაშეები ნულოვანი დონიდან პირდაპირ მეათე დონეზე რომ შეყარონ. არადა, რეალურად მეორე ან მესამე დონისთვის იქნებიან მომზადებულები. პლუს, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ამხანაგური თამაშები.

მთავარი კი ის არის, რომ თუკი ფეხბურთელებს სათანადოდ არ მოვამზადებთ, ბევრი ტრავმირებული გვეყოლება”.

პრემიერლიგის დარჩენილი თამაშების კალენდარი ჯერ არ არის მოფიქრებული. უბრალოდ ცხადია, რომ ფეხბურთელებს შემჭიდროებულ ვადებში 9-10 თამაშის ჩატარება მოუწევთ.

რაიმონდ ვერჰეიენი: „როგორც გითხარით, მთავარი პრობლემა ტრავმები იქნება. ამას რომ მიხვდე არ არის აუცილებელი აინშტაინი იყო.

ისინი ფიზკურად ცუდად იქნებიან მომზადებულები და მოკლე დროში ხშირად მოუწევთ თამაში. გამოდის, რომ ყოველ მომდევნო მატჩს ძალების სრულყოფილი აღდგენის გარეშე შეხვდებიან. ნერვული სისტემა იმუშავებს ნელა და შესაბამისად, ტვინი კუნთებს ბრძანებებს ნელა გადასცემს.

ფეხბურთელების უმრავლესობას ამიტომ აქვს ხოლმე აქილევსისა და ორთავა კუნთის ტრავმები. აქილევსის მკურნალობა კი კლუბებს ძალიან ძვირი უჯდებათ”.

ზოგმა კლუბმა, მაგალითად „არსენალმა” და „ჩელსიმ”, რომელთაც კორონა ვირუსით დაავადებული მწვრთნელი და ფეხბურთელები აღმოაჩნდათ, საწვრთნელი ბაზები დაკეტეს. მოთამაშეები თვითიზოლაციაში არიან და შინ ვარჯიშობენ — ვინ სარბენ ბილიკზე, ვინ ტრენაჟორი-ველოსიპედით.

ვერჰეიენს ეს ვარჯიშები არ მოსწონს: „ფეხბურთელები უფრო სპრინტერები არიან ვიდრე მარათონელები. მათ მაღალი ტემპი სჭირდებათ. გარდა ამისა, მათთვის აუცილებელია კუნთების სათანადო დონეზე დატვირთვა და ამ დონის შენარჩუნება. ამწუთას მათი კუნთები დასუსტებულია.

და ბოლოს არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც. კლუბებში ტაქტიკისა და ანალიზის განყოფილებებმა მოთამაშეებს თეორიული მეცადინეობებიც უნდა ჩაუტარონ, თორემ მათთვის შეიძლება გაურებარი იყოს, რა საჭიროა ეს ვარჯიშები. ადამიანს მიზანი უნდა ჰქონდეს”.