რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ასე გადაწყვიტა კავშირის გამგეობამ – ქვეყანა კორონავირუსს ებრძვის, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ყველა სპორტული ღონისძიება არა თუ ჩვენში – პლანეტა დედამიწაზე არის შეწყვეტილი, გადადებული, გაუქმებული…

ერთადერთი იმას შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად არჩევნები 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ სხვადასხვა მიზეზთა გამო გადადება მოითხოვეს, რაც დაუკმაყოფილდათ კიდეც. არჩევნების ახალ თარიღად 24 თებერვალი დასახელდა და როცა ეს დღე დადგა, კავშირის შენობაში ერთი ამბავი ატყდა, საქმე გაწევ-გამოწევამდე და სიტყვიერ შეურაცხყოფამდეც კი მივიდა, ხოლო საკუთრივ არჩევნები ქვორუმის ვერშეკრების გამო ჩაიშალა.

ამ დღეებში გამგეობას წესდების თანახმად ახალი თარიღის დადგენა ევალებოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, შექმნილ ვითარებაში ალბათ ერთადერთი გადაწყვეტილება მიიღო – საპრეზიდენტო არჩევნები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო…