ევროპის ჩემპიონატის კვალად უეფას გადაწყვეტილებით წლის უმთავრესი მატჩებიც გადაიდო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ბელარუსთან ერთა ლიგის ფლეი ოფი სავარაუდოდ ივნისში შედგება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ქომაგი 26 მარტის უკვე გადადებული მატჩის ბილეთს იმ დღეს გამოიყენებს, როცა მატჩი ჩატარდება, ხოლო დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს.

ცხადია, გადაიდო ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შეხვედრები. მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის ჩატარების თარიღი ჯერ ასევე უცნობია, თუმც უკვე თქვეს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ძველებურად სტამბოლი, ოღონდ 30 მაისის ნაცვლად 27 ივნისს მიიღებს, ხოლო ევროპის ლიგის საუკეთესოებს პოლონური გდანსკი 24 ივნისს უმასპინძლებს.

მოკლედ, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ადრევე დათქმულ კონტინენტის 12 ქალაქში გაიმართება; ერთა ლიგის ფლეი ოფის მატჩები 2020 წლის ივნისში შედგება; ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ფინალური მატჩები ივნისის ბოლოს, ხოლო ფლეი ოფის შეხვედრების თარიღი და ფორმატი მოგვიანებით გამოცხადდება.

რიგში ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკითხია, თუმც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი თავის გეგმა-გრაფიკით მიდის და 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე დაგეგმილი მსოფლიოს უდიდესი სპორტული ფორუმის გადადებას არ აპირებს… ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში…

და ეს ყველაფერი covid 19-ის გამო…