კორონავირუსმა ევროპულ ფეხბურთში ისე არია საქმეები, რომ გაუგებარია ვინ რას ამბობს და რას გეგმავს. იტალია, მოგეხსენებათ, ახალმა დაავადებამ ყველაზე მეტად დაჩაგრა. იმ მომენტისთვის, როდესაც ამ ცნობას ვწერთ, აპენინებზე 27 980 ადამიანია ავად.
როგორც ცნობილია, სერია A-ს შეფებმა ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეაჩერეს, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ COVID 19 ასე მალე ვერ აილაგმება და რომშიც ახალ ვარიანტებზე დაიწყეს ფიქრი.
ბოლო ცნობის თანახმად, იტალიური კლუბების ექიმები იმედოვნებენ, რომ უკეთეს ვარიანტში ჩემპიონატის განახლება 3 მაისიდან გახდება შესაძლებელი, რასაც თურმე კიდევ არა უშავს, რადგან ამ შემთხვევაში დარჩენილი თამაშების 30 ივნისამდე ჩასმა მოესწრება და… იქნებ სატრანსფერო ბაზარიც გადარჩეს.