როგორც მოსალოდნელი იყო ევროპის ჩემპიონატი ერთი წლით გადაიდო. ევრო 2020 უეფას დღევანდელი გადაწყვეტილებით ევრო 2021 გახდა. მიზეზი ცხადია – COVID 19, იგივე კორონავირუსი, რომლის ეპიცენტრმაც ჩინეთიდან უკვე ევროპაში გადმოინაცვლა და რის გამოც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ პანდემია გამოაცხადა.
ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. მასპინძელი 12 ქალაქი უცვლელია. არადა, ევრო 2020 თურქეთი – იტალიის მატჩით 12 ივნისს რომში უნდა გახსნილიყო. ახლა კი მხოლოდ რომი არა, მთელი იტალია წითელ ზონად არის გამოცხადებული, ევროკავშირის საზღვრები კი ჩაკეტილია.
რაც შეეხება წლევანდელ ევროტურნირებს, უეფას სურს, რომ ჩემპიონთა და ევროპა ლიგის წლევანდელი გათამაშება სექტემბრამდე როგორმე ჩამთავრდეს. ევროტურნირებთან დაკავშირებით საკითხის განხილვა მიმდინარეობს და უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
შეგახსენებთ, რომ უეფას 55-ვე წევრი ასოციაციის ხელმძღვანელობასთან დღეს ვიდეოკონფერენცია აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებაც ერთობლივად მიიღება.