„ბოდიპანჩერი“ საკრივო ტერმინია და სიტყვასიტყვით სხეულზე დამრტმელს, ტანზე მცემელს ნიშნავს. ეს ტერმინი იმ მოკრივეთა მიმართ გამოიყენება, რომელთათვისაც ღმერთს მართლად ცემის ნიჭი მოუმადლებია, მაგრამ არ მიუნიჭებია კრივში ეგოდენ საჭირო და პრესტიჟული უნარი სანოკაუტო დარტყმისა.

დიახ, კრივში არსებობს სხვა ტერმინიც – „ქეიოპანჩერი“, რაც იმას გულისხმობს, რომ მავან მოკრივეს მანოკაუტებელი დარტყმა ძალუძს. ასეთი რამ იმას ნიშნავს, რომ კრივის ბედი ერთადერთი მოქნევით შეიძლება გადაწყდეს. „ქეიოპანჩერობა“ თანდაყოლილი, ბუნებით მომადლებული ნიჭი ყოფილა.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ „ბოდიპანჩერსა“ და „ქეიოპანჩერს“ შორის უკეთესის გამორჩევა გამოუცდელ თვალს გაუჭირდება.

მაიკლ მორერმა ჯორჯ ფორმენის ძლიერ დარტყმას ვეღარ გაუძლო

დიდი მოკრივეები ორივე რიგის მორკინალთა შორის მოიპოვებიან, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ უფრო პოპულარულნი და სახელოვანნი „ქეიოპანჩერნი“ გახლავენ, რადგან, ბოლოსდაბოლოს, სანახაობის ყველაზე ეფექტური ბოლო არა „ბოდიპანჩერის“ მიერ ქულებით მოგებული შერკინებაა, არამედ ნოკაუტი.

ხშირად მოხდება ხოლმე, რომ „ბოდიპანჩერიც“ მიაღწევს ნოკაუტს, მაგრამ ეს ნოკაუტი ტექნიკური უფროა, რადგან მოწინააღმდეგე გვემას უფრო გამოულენჩებია, ვიდრე სანოკაუტო დარტყმას.

ამის საპირისპიროდ, „ქეიოპანჩერს“ შეუძლია ერთი მოხდენილი კომბინაციით, ან სულაც საშინელი სიზუსტისა და დარტყმის წყალობით ბრძოლა მოულოდნელად დაასრულოს.

ამ ორი ტიპის მოკრივეთა შორის განსაკუთრებული, თვალში საცემი ჭიდილი დღევანდელ მძიმე წონაშიც მიმდინარეობს. მაგალითად, ფედერაციის ჩემპიონი მაიკლ მორერი „ბოდიპანჩერია“, მას უჭირს საშუალო კლასის მოკრივის ნოკაუტით ძლევა. სანაცვლოდ შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ ურტყამდა ეს „ბოდიპანჩერი“ ბეხრეკ ჯორჯ ფორმენს, ამ უკანასკნელმა კი, როგორც განთქმულმა „ქეიოპანჩერმა“ ერთი მოხდენილი დარტყმით გააკრა ხალიჩას.

ეს მორერის ერთადერთი წაგება იყო კარიერაში, ძია ჯორჯისთვის კი აგერ მერამდენე ნოკაუტი. განა მაიკლ მორერს არ მოუგია ნოკაუტით? მაგრამ ისეთ ფარჩაკ ვინმეებთან, რომ „ქეიოპანჩერად“ არ ჩაითვლება.

არავის ეგონოს, რომ ძლიერი „ბოდიპანჩერი“ რაიმეთი ჩამოუვარდება მენოკაუტე კაცს. ფორმენ-მორერის მაგალითი ნოკაუტის ოსტატთა სასარგებლოდ რომ მეტყველებს, სხვა მაგალითებიც მრავალია. გაიხსენეთ გასული წლის 9 ნოემბერი.

ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ მაიკ ტაისონი ხშირად უძლური იყო

მსოფლიო უპირველესი „ქეიოპანჩერი“ მაიკ ტაისონი დარდუბალასავით, ტექნიკური ნოკაუტით გაგორდა უპირველესი „ბოდიპანჩერის“ ევანდერ ჰოლიფილდის მუშტებით. უძლიერეს მგვემელსა და დაცვის ოსტატს ტაისონმა ეგრეც ვერ ჩაუტარა თავისი განთქმული კომბინაცია. არა, კომბინაცია კი ჩაუტარა, მაგრამ ამ კომბინაციამ მიზანს ვერ მიაღწია.

ამიტომ, კაცი ვერ გაიგებს, „ბოდიპანჩერი“ სჯობს თუ „ქეიოპანჩერი“.

ორივეს თავისი ხიბლი აქვს.

მე თუ მკითხავთ, ამათ შორის მჯობნი არ არსებობს. ორივე ტიპის მძიმეწონოსანი კრივის ნაწილია. თავისებურად საინტერესოა ორივეს ბრძოლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ორი ტიპის მოჩხუბარი ერთმანეთს ხვდება.

სანამ კრივი არსებობს, „ბოდიპანჩერისა“ და „ქეიოპანჩერის“ ჭიდილი არ გასრულდება. მთელი ეს „პანჩერული“ ისტორია იმიტომ გამახსენდა, რომ ერთ თვეში მორიგი დიდი ჭიდილია. ჰოლიფილდი და ტაიოსნი კვლავ ერთმანეთს ხვდებიან.

ეგებ მძიმე წონის მოკრივე ჭკუამხიარული, ოდნავ ჩერჩეტი, ოდნავ უსწავლელი ბიჭებიც კი იყვნენ, მაგრამ „ბოდიპანჩერობასა“ და „ქეიოპანჩერობაში“ მართლაც კარგები არიან. ასე რომ, დაელოდეთ მაისს.

ვინ გაიმარჯვებს – ელვა თუ წყალდიდობა?

5.04.1997

 

წილი
წინა სტატიათვითიზოლაციის დამრღვევი
შემდეგი სტატიაშოუ უნდა გაგრძელდესო?
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.