სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება.

მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს.

დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ დავამთავრებთ, ვერც გამარჯვებული გვეყოლება და ვერც დამარცხებული.

ბევრი კლუბისთვის ეს სასტიკი გადაწყვეტილება იქნება — არანაკლები ვიდრე „ლივერპულისთვის” — მაგრამ, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

თუ ყველა ტურს არ ჩაამთავრებ, ტიტულს ვერავის უბოძებ და ვერც ვერავის გააგდებ.

ხალხი ამბობს, ჩემპიონშიპიდან „ლიდსი” და „ვესტ ბრომვიჩი” ამოვიყვანოთო, მაგრამ ეს სხვა კლუბების რისხვას გამოიწვევს. როდესაც ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურია, შენ კი მდევარს მხოლოდ 6-7 ქულით უსწრებ, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ გაიმარჯვებ.

„ლივერპულისთვის” კი ამის გადატანა, რასაკვირველია, უმძიმესი იქნება, მაგრამ ვერ ვხვდები რანაირად უნდა გამოვაცხადოთ „ლივერპული” ჩემპიონად.

მესმის, რომ მერსისაიდელებს ჩემპიონობამდე მხოლოდ 6 ქულა აკლიათ, მაგრამ ფაქტია — მათ ეს 6 ქულა არ აქვთ და ამიტომ ჩემპიონატი განულებულად, ბათილად უნდა გამოცხადდეს.

სეზონი მაშინ რომ შეეწყვიტათ, როდესაც „ლივერპულს” ეს 6 ქულა ექნებოდა, სულ სხვა სურათის წინაშე ვიდგებოდით, მაგრამ, ვიმეორებ, მერსისაიდელებს ეს ქულები აკლიათ და რაგინდ კოშმარული ვარიანტიც არ უნდა გამოვიდეს, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს.

დღეს, როდესაც ხალხი კვდება და ქვეყანაში უარესის მოლოდინი გვაქვს, არჩატარებული თამაშების ანგარიშებზე მკითხაობა აზრსმოკლებული მგონია.

„ლივერპულის” ფეხბურთელებისთვის ეს იქნება წარმოუდგენლად უცნაური დრო, მაგრამ ასევე იქნება სხვებისთვისაც.

მერსისაიდელები ასე ახლოს არიან ისტორიულ მიზანთან. მათ გადალახეს ტიტულისთვის ბრძოლის უმძიმესი წნეხი, ახლა კი უნდა დასხდნენ, ელოდონ და იმარჩიელონ.

ეჭვი არ არის, როგორც „ლივერპულის” ასევე ნებისმიერი სხვა კლუბის ფეხბურთელებს მწვრთნელებმა შეუდგინეს ინდივიდუალური პროგრამები, რათა იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონატი განახლდება, ისინი თამაშებს რაც შეიძლება მომზადებულები შეხვდნენ.

აგრეთვე ეჭვი არ მეპარება, რომ მოთამაშეებს დაურიგეს გულის რიტმის ამთვლელი მონიტორები, რომელთა წყალობით კლუბები დისტანციურად შეძლებენ აკონტროლონ ფეხბურთელების ფორმა.

ამ უპრეცედენტო დროის გადაგორება ძალიან ძნელი იქნება, რადგან მოთამაშეებმა არ იციან რისთვის ვარჯიშობენ.

მათ, მოულოდნელად, დიდძალი თავისუფალი დრო ჩაუვარდათ ხელში. ასე რომ, სანამ გაირკვევა რას ვაკეთებთ მომავალში, მათზეა დამოკიდებული შეძლებენ გამოიჩინონ პროფესიონალიზმი თუ ვერ შეძლებენ.

პირადად მეც სხვებივით მოთმინებას ვიკრებ და მომავალს შევყურებ.

უქმეებზე, წესით, გადაცემა Match of the Day უნდა ჩაგვეწერა და შემდეგი კვირისთვის სხვა საქმეც ბლომად უნდა მქონოდა — სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის თამაშზე უნდა მემუშავა, ხუთშაბათს პრემიერლიგის „დიდების დარბაზის” დაჯილდოების ცერემონიალში უნდა მიმეღო მონაწილეობა და შემდეგ უქმეებზე ისევ Match of the Day უნდა ჩაგვეწერა.

მართალია, ფეხბურთი ისეთი რამ არის, მასზე ლაპარაკი ყველას ყოველთვის უნდა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ვინც რა უნდა თქვას, ეს მაინც ვარაუდი იქნება.

ყველაზე სწორედ თავად იურგენ კლოპმა თქვა, უპირველეს ყოვლისა უნდა დავწყნარდეთ და საფეხბურთო სეზონზე ფიქრი მხოლოდ ამის მერე დავიწყოთო.

დიახ, „ლივერპული” აშკარად ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ, თუ ჩემპიონატს ვერ დაამთავრებ, გამარჯვებული და დამარცხებული როგორ უნდა დაასახელო?

მე იურგენ კლოპს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ დღეს ფეხბურთზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხების წინაშე ვდგავართ.