ლეო მესიმ თავის მილიონობით გულშემატკივარს საყვარელ ხალხთან ერთად შინ ჯდომისკენ მოუწოდა — COVID 19, რომელიც იშიფრება, როგორც „კორონავირუსის დაავადება (disease) 2019″, ჯერ კიდევ უტევს მსოფლიოს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია.
მოგეხსენებათ, ახალმა გრიპმა სპორტს სერიოზულად დაარტყა. გაურკვეველი ვადით შეწყდა შეჯიბრებები. ბურთი, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში აღარ გაგორდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა გაცილებით მეტიც აღმოჩნდეს.
და სპორტსმენები უქმე დროს სხვადასხვანაირად კლავენ.
„ბარსელონას” სუპერვარსკვლავი, მაგალითად, სახლში ზის და თავისუფალ დროს ცოლ-შვილს უთმობს. ზოგი Netflix-ს ჩაჯდომია, ზოგი კი შინ ვარჯიშობს.
ინსტაგრამზე თავის 144 მილიონ ფოლოვერს მესიმ ორ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დაუპოსტა და მიაწერა:
„ჯანმრთელობა ყველაფერზე მთავარია. დღეს საგანგებო პერიოდი დგას, ამიტომ თქვენ უნდა მისდიოთ როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასევე საჯარო მოხელეთა რეკომენდაციებს. მხოლოდ ასე მივაღწევთ საჭირო ეფექტს.
ახლა სწორედ ის დროა, როდესაც პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ და სახლებში დავრჩეთ. შესანიშნავი შანსი გეძლევათ იყოს თქვენს საყვარელ ხალხთან, რისი საშუალებაც ყოველთვის არ არის.
გეხვევით და იმედს გამოვთქვამ, რომ პრობლემას რაც შეიძლება მალე დავძლევთ”.
„რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი კი, როგოც ჩანს, მეტისმეტად მოუსვენარი ადამიანია და ტახტზე განცხრომით ვერ ისვენებს. მან ინსტაგრამზე ვარჯიშის ვიდეო დადო, რომელსაც ჩვენც გთავაზობთ. რამოსმა ვიდეოს მიაწერა, შინ ვვარჯიშობო.
რამოსის თანაგუნდელმა ფედე ვალვერდემ კი დაპოსტა, თუ როგორ „ემატავება” საკუთარ ძაღლს.
იუვენტუსელი დუგლას კოშტაც ბურთაობს თავის ეზოში. მისი თანაგუნდელი მატეის დე ლიხტი, კი მეგობარ გოგონას მაგიდის ჩოგბურთს ეთამაშება.
კორონა ვირუსით დაავადებული პაოლო დიბალა სამზარეულოში ტრიალებს. ნეტავ ვინ დააგემოვნებს მის დამზადებულ კერძს?
და რას შვრება „არსენალის” მეკარე ბერნდ ლეო? სოფაზე წამოწოლილა, ტელევიზორს უყურებს. ყველაზე მეტად ის ირგებს უქმობის პერიოდს.
„ბაიერნის” რობერტ ლევანდოვსკი სახლშია. თავის გოგონას რაღაცას ეთამაშება.
„ატლეტიკოს” ვეტერანი ფორვარდი ალვარო მორატა კი მეუღლესთან ალიჩე კამპელოსა შვილებთან ლეონარდოსა და ალესანდროსთან ერთად მზეს ეფიცხება, რასაც ჩვენს შავ-თეთრ ფოტოზე კარგად ხედავთ.
და ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც შინ არ ჩაჯდა „ევერტონისა” და ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდია.
არადა, მას უთხრეს, თვითიზოლაციაში წადიო. როგორც ჩანს პიკფორდს სიტყვების, ინფექციის, ეპიდემიისა და პანდემიის მნიშვნელობა მთლად კარგად არ ესმის. ის მეგობრებთან, ცოლთან და შვილთან ერთად კრივზე წავიდა.
ეს კრივი მაინც აეკრძალათ დროზე.