ტურინის „იუვენტუსი“, მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ – როცა ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ეს საფეხბურთო მონსტრები ერთვებიან, დანარჩენი მსურველების ხსენებაც არ ღირს. ვისზეა საუბარი? ბიჭუნა მხოლოდ 16 წლისაა, ნახევარმცველია და „ლიონის“ აკადემიაში წამოიჩიტა.
რაიან ჩერკის ფრანგული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი შარშან ოქტომბერში ჰქონდა. თანდაყოლილი საფეხბურთო თავხედობისა და კარგი ფიზიკური კონდიციების წყალობით უმაღლეს ფრანგულ დივიზიონთან ადაპტაცია მაინც და მაინც არ გასჭირვებია.
12 შეხვედრაში გატანილი სამი გოლი და ორი საგოლე პასი ამის დასტურია. ჯერ უცნობია, ვინ მოიგებს ბობოლათა სატრანსფერო ომს, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ უკვე ზაფხულში „ლიონის“ სალარო ბევრი მილიონით შეივსება.