მადრიდული მატჩის შემდეგ იურგენ კლოპი და ვირჯილ ვან დაიკი მეტოქეს „ენფილდის“ ატმოსფეროთი ემუქრებოდნენ.

ლივერპულელთა საშინაო არენას და გიჟურ ფანობას არაერთი დიდი გუნდი გაუტარებია ქარცეცხლში და წუხელაც, პრინციპში, ყველაფერი იყო – „ლივერპულმა“ „ატლეტიკოს“ ვეინალდუმის გოლით ანგარიში კი გაუთანაბრა და ოდნავ მაინც რომ გამართლებოდა ძირითად დროშივე მოემთავრებდა საქმეს, მაგრამ… ამ „მაგრამს“ ოთხშაბათს იან ობლაკი ერქვა.

მადრიდელთა მეკარე ლა ლიგაში გამორჩეულ სეზონს სულაც არ ატარებს, მაგრამ ლივერპულში ერთბაშად 9 (!) სეივი მიითვალა. სადიო მანეს ორი ორი უმაგრესი დარტყმა, ხარიხასთვის გარტყმული ბურთიც წყლის ნაყვა აღმოჩნდა.

დამატებით დროში ბობი ფირმინომ მაინც გაიტანა და საქმეში მეორე „მაგრამ” ჩაერთო – აქამდე მარკუს ლიორენტეს კარიერაში სულ სამი გოლი ჰქონდა გატანილი, აქ კი კოშტას ნაცვლად მოედანზე თითქოს ულოგიკოდ შეშვებულმა ისტორიული დუბლისთვის 8 წუთი იკმარა.

თუ დიეგო სიმეონე მეოთხედფინალის საგზურს დიდწილად სწორედ მეკარეს უნდა უმადლოდეს, ინგლისელებსაც სრული უფლება აქვთ მარცხი უსუსურად მოთამაშე ადრიანს მიაწერონ, ვინაც ალისონის ტრავმით ბოძებული შანსი და „ლივერპულის“ იმედებიც ქარს გაატანა.

დუმს ლივერპული. თითქმის განაღდებული ჩემპიონობა ფანტასტიური სეზონის საკადრის ჯილდოდ სულაც არ მოსჩანს. გაზაფხულმა მონსტრისგან ერთი უბრალოდ კარგი გუნდიღა დატოვა..