
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს რაგბის კავშირს მაინც მოუწია არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება – საქართველოსა და რუსეთის მატჩი 14 მარტს „მიხეილ მესხზე“ უმაყურებლოდ ჩატარდება. კორონავირუსმა კორექტივები ყველა სფეროში შეიტანა, მათ შორის სპორტშიც და ცხადია, გვერდი არც რაგბს აუარა. აგერ, „ექვსი ერის“ ჩემპიონატი საერთოდაც შემოდგომაზე დასრულდება, რადგან ამ ტურნირის მონაწილე იტალია ხსენებული ვირუსული ინფექციის გავრცელების უმთავრესი წყაროა და არც საფრანგეთშია საქმე კარგად.
აი, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი კი დასრულდება, თუმცა მაყურებელი დასკვნითი ტურის მატჩებს არ ეყოლება – ასეთი გადაწყვეტილება ჯერ ესპანური რაგბის მესვეურებმა მიიღეს, მერე ქართველებმა, სულ ახლახან კი რუმინელებმა ბელგიასთან მატჩი სულაც გადადეს…
რა გაეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ასეცაა. ბორჯღალოსნები კი, დარწმუნებული ვარ, რუს მეტოქეებს ტრიბუნიდან ჩვენი მხარდაჭერის გარეშეც მოერევიან, როგორც ამას სტაბილურად და უცვლელად აგერ უკვე მესამე ათწლეულია აკეთებენ.
აქვე გთავაზობთ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებას:
ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის.