კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი გუინდოგანი გააბრაზა.

„კარის სიახლოვეს დანიშნულმა ასეთმა ჯარიმამ სახტად დამტოვა. წესი საერთოდ არ დამირღვევია. მხოლოდ და მხოლოდ ბურთს შევეხე, ფერნანდეში კი წაიქცა და ყვირილი მორთო. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ მსაჯმა ეს ეპიზოდი დაინახა. ალბათ, უფრო იფიქრა, ჯარიმა იქნებოდაო. გულწრფელად რომ გითხრათ, ამან ძალიან გამაწბილა, რადგან მე გამოვედი დამნაშავე იმაში, რასაც ჩემი გუნდის კარში გოლი მოჰყვა”.

იმავე შეხვედრაში, ფერნანდეშმა, რომელსაც პრემიერლიგაში გამოჩენის დღიდანვე სითამამეს უქებენ, „ქალაქელების” სახელოვან მწვრთნელს პეპ გვარდიოლას აჩვენა ჟესტი (იხ. ვიდეო), რომელიც ნიშნავდა გაჩუმდიო. პორტუგალიელის მიერ ტუჩებთან თითის მიდებამ „იუნაიტედის” ფანები, რასაკვირველია, გაახარა.