ესპანეთში ასეა: მთავრობამ ყველა ავტონომიას თხოვნით მიმართა, განიხილონ ლა ლიგის მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების საკითხი. ეს გახლავთ „ელ კონფიდენსიალის” ცნობა. მიზეზი მარტივი მისახვედრია — კორონავირუსი.
ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრმა სალვადორ ილამ თქვა, რომ სამეფოში რიგი ოფიციალური ზომების გატარებაა მოსალოდნელი, თუმცა დასძინა, არ მინდა ვილაპარაკო საკითხებზე, რომელბიც ჯერ არ გადაწყვეტილაო.
„ელ კონფიდენსიალი” თავის მხრივ წერს, რომ ილამ პირადად დაურეკა ავტონომიათა ხელმძღვანელებს და გააცნო, თუ რას აპირებს ქვეყანა კორონავირუსის სწრაფი გავრცელების თავიდან ასარიდებლად. ერთ-ერთი ზომა ფეხბურთის მატჩების დახურულ კარებს მიღმა ჩატარებაა.
აღსანიშნავია, რომ ზოგმა რეგიონმა ცენტრის გადაწყვეტილებას დაასწრო და ცალკეული ნაბიჯები დამოუკიდებლად გადადგა. მაგალითად, მადრიდმა ყველა სასწავლებელში მეცადინეობა ორი კვირით შეაჩერა. იგივე ხდება ბასკეთში, ვიტორიაში.
რაც შეეხება სპორტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, უკვე ცნობილია, რომ ხუთშაბათს, ევროლიგაზე, „სევილია” „რომას” ცარიელი ტრიბუნების წინ უმასპინძლებს.
პრობლემურია მომდევნო ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, „ბარსელონასა” და „ნაპოლის” საპასუხო შეხვედრაც. ამ თემაზე „ბარსას” ხელმძღვანელობა კატალონიის მთავრობასთან დღეს იმსჯელებს, თუმცა საკითხმა შესაძლოა უფრო რთული სახე მიიღოს: იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გამოაცხადა, რომ მთელს ქვეყანას ჩაკეტვას უპირებს. (დღეს დილით, ამ სიტყვების დაწერიდან ორიოდ საათში ქვეყანა მართლაც მთლიანად ჩაიკეტა). იტალიაში, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად უჭირთ: ახალი ვირუსი დაახლოებით 8 000 კაცს შეეყარა და მათგან 463 გარდაიცვალა, რაც გრიპისთვის დიდი მაჩვენებელია.
ერთი სიტყვით, სანამ ესპანეთში მსჯელობენ „ნაპოლის” მაყურებლის გარეშე ხომ არ უმასპინძლონ, იტალიის მთავრობამ თავისი გუნდი შეიძლება სულ არ გაუშვას სათამაშოდ.
შეგახსენებთ, ლაპარაკია მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაზე. პირველი მატჩი, ორი კვირის წინ, 1:1 დასრულდა.