ბერლინის ნაკედლარს აქედან (ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან) რომ მიადგები, მას თავიდან ბოლომდე გრაფიტით მოხატულს იხილავ. 30 წლის წინ იყო: კედლის დანგრევისთანავე მიესია მის ნარჩენებს მთელი ევროპის ანდერგრაუნდი და ხატა და ხატა. ნამუშევართა თემატიკა მრავალფეროვანი გახლავთ, მაგრამ საერთო ფონზე მაინც ერთი გრაფიტი ყვირის – ორი გენსეკი ჩახვევია ერთმანეთს, რუსებისა ბრეჟნევი და გერმანელთა ჰონეკერი. ჩახვევიან და ისე გულწრფელად კოცნაობენ, გულაჩუყებულს სხვა ლირიკური დრამების და კომედიების ყურება აღარ მოგინდება.

მხოლოდ გუშინ დაიპყრო ინტერნეტი ერთმა ფოტომ, რომელმაც იქნებ ბრეჟნევ-ჰონეკერის კლასიკაც კი დაჩრდილოს. დიდი ამბავი იყო არგენტინის პირველობის დასკვნით ტურში, სადაც დიეგო მარადონას სათაყვანებელმა “ბოკა ხუნიორსმა” სულ ცხვირწინ ააცალა არგენტინის ჩემპიონის ტიტული მარად მოსისხლე “რივერ პლეიტს” და რაც საყურადღებოა, სწორედ მარადონას დანამოძღვრი “ხიმნასიას” დამარცხების შედეგაც. “ბოკას” გამარჯვების გოლი კარლოს ტევესმა შეაგდო.

მატჩის ქრონიკა ჩვენმა კოლეგა გიორგი ნოზაძემ თავის წერილში გადმოსცა, რომელიც შემდეგი სიტყვებით სრულდება: „კარლიტომ“ სიხარული ჯერ მეუღლეს გაუზიარა, მერე კი ჩვეულ-გიჟურად ტრიბუნებზე აიჭრა და…

და დიდი დიეგო მთელი გულით და სულით ჩაკოცნა…

 

და ბრანწი უჩვენა დიდ გენსეკებს, გულწრფელობა და სიყვარული მარტო თქვენი როდი იცითო…