8 მარტს იაპონიაში საგაზაფხულო, ანუ ჰარო-ბაშო აიღებს სტარტს.

სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა პირველი ორი დღის საშეჯიბრო განრიგი. პირველ დღეს ტოჩინოშინის მეტოქე სიდანოუმი იქნება, 9 მარტს კი ლევან გორგაძე ტიოტაირიუს დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, იაპონია კორონოვირუსის გავრცელების ერთ-ერთი სახიფათო ზონაა და ორგანიზატორებმა თადარიგი დაიჭირეს და უმკაცრესი პირობები დათქვეს – ტურნირი დახურულ დარბაზში, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაივლის.

თითოეულ სუმოისტს, მწვრთნელს და ტექპერსონალის წარმომადგენელს დღეში ორჯერ გაუზომავენ სიცხეს და თუ ერთ მათგანს მაინც დაუდასტურდა ვირუსი, ბაშო შეწყდება. სუმოისტებს ნება დართეს, ოსაკას სპორტის სასახლემდე ტაქსით მივიდნენ და ამ ხარჯებს სუმოს ასოციაცია დაფარავს. დარბაზში ნიღბის გარეშე ყოფნის უფლება მხოლოდ არბიტრებს, სუმოისტებს და მათ თანაშემწეებს ექნებათ.

კიდევ ერთი ინფორმაცია: ქართველი გოლიათი თეიმურაზ ჯუღელი მხოლოდ გამოტოვებს ბაშოს. გაგამარუს მხრიდან კარიერის დასრულებაზე იაპონური წყაროები არაფერს ამბობენ. არადა, აქამდე ვიცოდით, რომ მუხლის ტრავმებით გატანჯულ ჯუღელს კარიერის დასრულება უნდოდა. ძალიან კარგი: ჩვენ 33 წლის ყოფილ კომუსუბის კიდევ ვუქომაგებთ.