ბრიტანეთის სპორტისა და მაუწყებლობის ბოსები ორშაბათს ლონდონში არიან დაბარებულები. მთავრობამ დიდი თათბირი დაგეგმა. კორონავირუსს უნდა მოუხერხონ რამე.
ამ დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები მასობრივი სპორტული ღონისძიებების მომწყობებს აქა-იქ კი ხვდებოდნენ და რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ ახლა უკვე მსხვილ თათბირზეა ლაპარაკი.
სავარაუდოდ, ყველა სახეობის წარმომადგენელს შეეკითხებიან, რამდენად შეუძლიათ მათ (ფინანსურად, ტექნიკურად და სხვა) იტალიასავით მაყურებლის გარეშე ჩაატარონ შეჯიბრებები. იტალიამ, მოგეხსენებათ, გულშემატკივართათვის სარბიელები ერთი თვით ჩაკეტა.
შეკრება ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მედიისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება.
ინგლისის საფეხბურთო ლიგამ განაცხადა, რომ მზად არის მიბაძოს პრემიერლიგას და თამაშების წინ ფეხბურთელებს ხელის ჩამორთმევა აუკრძალოს. კლუბებმა გამოაცხადეს, რომ მოთამაშეებს ავტოგრაფების დარიგებასა და გულშემატკივრებთან სელფის გადაღებას აუკრძალავენ.
ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განიხილონ პენსიონერებისთვის პრემიერლიგის მატჩებზე დასწრების აკრძალვა (ოღონდ, რატომ მარტო პრემიერლიგის, უცნაურია), ვინაიდან კორონავირუსი განსაკუთრებით 60 წელზე უფროს ადამიანებს ერჩის.
ინგლისში ყველაზე მასობრივი მაინც პრემიერლიგაა, ყველაზე მეტი ხალხი მისი თამაშების სანახავად მიილტვის და ასაკოვან მაყურებელს ამიტომაც შეიძლება იქ სიარული შევუზღუდოთო…
ხმები იმის შესახებ, რომ პრემიერლიგის ბოლო ნაწილს აღარ ჩაატარებენ ჯერჯერობით გადაჭარბებულია, მაგრამ, ვიმეორებთ, ყველა სახეობის წარმომადგენლებს შეეკითხებიან, რამდენად მოახერხებს მათი ფედერაცია თუ ლიგა შეჯიბრების მაყურებლის გარეშე ჩატარებას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.
რაგბის მოყვარულებმა იციან, რომ ინგლისის ნაკრების გამგზავრება იტალიაში, იქაურ ეროვნულ გუნდთან „ექვს ერის თასზე” სათამაშოდ, გადაიდო. ფეხბურთის ასოციაცია კი 27 მარტს, „უემბლიზე” „სკუადრა აძურას” ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ელოდება.
გარეთ საუთგეიტის გუნდი ოთხი დღის შემდეგ, იქვე, დანიელებთანაც აპირებს თამაშს.
ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით 163 ადამიანი დაავადდა და 2 გარდაიცვალა.
იტალიაში საქმე უფრო რთულადაა, ამ ცნობის დაწერის მომენტისთვის ავად 4636 ადამიანია, რომელთაგან 197 გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათ უმეტესობას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, რომელიც გაურთულდა. გარდაცვლილთა მხოლოდ 28 პროცენტია ქალი.