პირველად ესპანური ფეხბურთის ისტორიაში, სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს „რეალ სოსიედადი” და „ბილბაო” შეხვდებიან. თამაშს 18 აპრილს ქალაქი სევილია, ”ესტადიო დე ლა კარტუხა” უმასპინძლებს.

დავაზუსტოთ (თუმცა, შეიძლება დავიბნეთ): ორი ბასკური კლუბი ფინალში ადრეც შეხვედრია ერთმანეთს. სამი შემთხვევა იყო ასეთი. 1910 წელს „ბილბაომ” „ბასკონია სპორტინგ კლაბს” (იმავე „რეალ სოსიედადს”) მოუგო 1:0; 1913 წელს ირუნის „რასინგმა” 1:0 აჯობა ზემოხსენებულ „ბილბაოს”; 1927 წელს კი კვლავ ირუნის გუნდმა იყოჩაღა — 1:0 სძლია გეტჩოს „არენას”.

ეს სამი შეხვედრა, ფორმალურად მართლაც ესპანეთის სამეფო თასის ფარგლებში გაიმართა, მაგრამ იმხანად ეს სამეფო თასი სინამდვილეში ქვეყნის ჩემპიონატი იყო, მისი სტრუქტურა და ფორმატი გახლდათ ჩახლართული, ნაირგვარი და სახელწოდებისა არ იყოს, ხშირად იცვლებოდა (ლა ლიგა 1929 წელს დაარსდა); ერთი სიტყვით, რაც თასმა თასის სახე მიიღო, ფინალში ორი ბასკური გუნდი არ გასულა.

„ბილბაო” (სრულად ბილბაოს „ატლეტიკი”) მეორმოცედ თამაშობს „სამეფო თასის” ფინალს, ხოლო „რეალ სოსიედადი” გადამწყვეტ შეხვედრაში სულ ექვსჯერ მონაწილეობდა.

სან სებასტიანის გუნდმა ამ ექვსი შეხვედრიდან ხუთი წააგო. ერთადერთხელ გაიმარჯვა, როდესაც მისი მეტოქე იყო მადრიდის „ატლეტიკო”. მატჩი დამთავრდა 2:2, პენალტებში კი ბასკებმა მოიგეს. ეს ამბავი სარაგოსაში, 1987 წელს მოხდა.

რაც შეეხება ბილბაოს გუნდს, თუკი 1903 წლიდან დავუთვლით (თუმცა, ჩვენ კი არა, თავადაც ასე ითვლიან), „სამეფო თასი” 23-ჯერ აქვს მოგებული.