7 მარტს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პარიზში მატჩს გამართავს, რომელმაც შესაძლოა ტურნირის ჩემპიონის ვინაობა ვადაზე ადრე გამოავლინოს. ბორჯღალოსანთა მეტოქე პორტუგალიის ნაკრები, „ლობუში“ (მგლები) იქნება, ეს გუნდი კი დამაჯერებლად დაწინაურებული ქართველების უახლოესი მდევარია.
პორტუგალია ევროპის რაგბის ჩემპიონატში ახლაღა, 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და საქმეს ეგრევე შეუდგა: ჯერ ბელგიას შინ 23:17 მოუგო, შემდეგ კი რუმინეთს უმასპონძლა და სენსაციური გამარჯვება იზეიმა – 22:11, ხოლო ორი კვირის წინ, რუსეთში გატანილი ორი ლელოდან თუნდაც ერთი რომ გარდაესახათ, მასპინძელ „დათვებს“ ქვედა დონეზეც ჩააბრძანებდნენ, რეალურად კი რუსებმა19:18 იმარჯვეს და გადარჩენის თეორიული შანსები დაიტოვეს.
შედეგად, პორტუგალის ნაკრებს 9 ქულა დაუგროვდა, მაშინ როდესაც საქართველოს ეროვნულ გუნდს 14 აქვს და თუ ძალთა შეფარდებას პრაგმატულად შევაფასებთ, ბორჯღალოსნები პარიზში მორიგ გამარჯვებას იზეიმებენ.
და რა ხდება ჩვენს ნაკრებში? ლევან მაისაშვილმა, ჩემი აზრით, მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, როცა პორტუგალიასთან დასაპირისპირებლად გუნდი უმრავლესად ვეტერანებით დააკომპლექტა. თუ გავიხსნებთ იმ ფაქტს, რომ ეს ტურნირი საქართველოს ახალი ნაკრების მოსახაზად მოიაზრებოდა, მართალია ღვაწლმოსილი, მაგრამ მაინც ვეტერანების მიწვევა ერთობ უცნაურად გადაწყვეტილებაა.
ამავდროულად, ორი დებიუტანტი მაინც გვეყოლება. თორნიკე ჯალაღონია გულშემატკივარს მსოფლიოს 20-წლამდელთა 2018 წლის ჩემპიონატიდან უნდა ახსოვდეს, სადაც საქართველოს ნაკრების 8 ნომერმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ტურნირის სიმბოლურ ნკრებშიც მოხვდა. ხოლო შუამარბი ლაშა ლომიძე ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი ლიდერია და იმედია, თავის ნიჭს მთავარ ნაკრებშიც გამოავლენს.
რაც შეეხება გუნდების ისტორიულ ურთიერთობებს, საქართველო და პორტუგალია ერთმანეთს აქამდე 20-ჯერ შეხვედრიან და 14-ჯერ ბორჯღალოსნებმა იმარჯვეს, 4-ჯერ – „ლობუშმა“, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მოკლედ, ველოდებით 7 მარტის საღამოს 7 საათს და იმედია, სადღაც 9-ისკენ ჩვენი ნაკრები მორიგ ტიტულს იზეიმებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი, საფრანგეთი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. დავით გიგაური (კოლომიე, საფრანგეთი), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ., საფრანგეთი); 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს), 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენს).
მარქაფა
16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 23. ლაშა ლომიძე (აია).