„ზაარბრუკენმა“ საფეხბურთო სამყაროს თავი კიდევ ერთხელ შეახსენა. გერმანიის თასის 1/4 ფინალში, ამ მეოთხელიგელმა გუნდმა, „დიუსელდორფი“ პენალტების სერიაში (7:6) დაამარცხა და პირველი კლუბი გახდა, რომელიც ასეთი დაბალი ლიგიდან ნახევარფინალში გავიდა.

და რა გაუკეთებია ამ გუნდს აქამდე ისეთი, ფეხბურთის ქომაგის ყურადღება რომ მიიპყროს?
მაგალითისთვის, შორეულ 1951 წელს უნდა მივაკითხოთ, როდესაც ეს გუნდი, საერთაშორისო რანგის შეხვედრაში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თავად „რეალს“ ეწვია. ამ თამაშს მადრიდელთა ლეგენდა და დიდი გოლეადორი მანუელ ფერნანდესი, იგივე პაინიო იხსენებს:

„ეს დღე კარგად მახსოვს, შედეგის გარდა, ჩვენს გუნდში დებიუტი როკე ოლსენსა და იმბელონის ჰქონდათ. მოწინააღმდეგე მოედანზე გამოვიდა და ოთხი უპასუხო გოლი გაგვიტანა, ასეთი რამ აქამდე არასდროს გვენახა. „ზაარბრუკენი“ ძალიან კარგი გერმანული გუნდი იყო, იმ დროს გერმანიის ნაკრებმა ხომ შვეიცარიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უნგრეთს მოუგო, სადაც პუშკაში, ცზიბორი, ჰიდეგკუტი და სხვები ბრწყინავდნენ.”

ამ თამაშამდე, საკუთარ კედლებში „რეალს“ მარცხი 12 წლის განმავლობაში არ ეგემა.
ისტორიას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაარლანდის მხარისა და დასავლეთ გერმანიის დაპირისპირებაც ახსოვს. ყველაფერი კი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო.
ზაარლანდს დასავლეთ საზღვარი საფრანგეთს ემიჯნება, ამიტომ, ეს მიწა მოვლენების ეპიცენტრში მუდმივად იყო..

ომის შემდეგ, საფრანგეთმა ამ მიწის ოკუპაცია მოახდინა და მხოლოდ ავტონომია დაუტოვა.
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ზაარლანდმა მონაწილეობა მიიღო. მაშინ, ძირითადად, ჯგუფში 3 გუნდი მონაწილეობდა და ზაარლანდი, ნორვეგიასთან ერთად, დასავლეთ გერმანიას დაუპირისპირდა…

პირველ ტურში, ზაარლნდი ოსლოში ჩავიდა, სადაც მასპინძლები 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში დასავლეთ გერმანია მხოლოდ ქულას დასჯერდა.

შემდეგი თამაში, რომელიც „შტუტგარტში“ გაიმართა, ცრემლის მომგვრელი გამოდგა, მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ერთი ქვეყნის შვილები გავიდნენ – ერთი ძველი გერმანული დროშით, მეორე კი – თანამედროვეთი, რომელიც ამ ქვეყნას დღესაც ამშვენებს. „შტუტგარტშიც“ (3:0) და ზაარბრუკენშიც (3:1) გამარჯვება დასავლეთ გერმანელებს დარჩათ, თუმცა ზაარლანდმა ნორვეგიასთან სახლში არ წააგო და ჯგუფში საპატიო მეორე ადგილი დაიკავა.

ამ დროს საფეხბურთო კლუბი „ზაარბრუკენიც“ მაგარ ფეხბურთს თამშობდა. 1948 წელს ეჰერლიგა (დროებით დაარსებული ტურნირი) მოიგეს. ისინი მოწინააღმდეგეებს ძალიან აღემატებოდნენ და საერთაშორისო შეხვედრებში, მაგალითისთვის, „რუენი“ 10:1, „ვალენსიენი“ კი 9:0 დაამარცხეს. პოლიტიკური მიზეზების გამო ეს გუნდი საფრანგეთის პირველ დივიზიონში არ ათამაშეს. ლორიენისა და სტრასბურგის ხელმძღვანელობიდან მაშინ ასეთი სიტყვები გაჟღერდა „ზაარლანდის მკვიდრნი ფრანგები ვერასდროს გახდებიან.”

საფრანგეთის უარის შემდეგ, 1951 წელს, ზაარლანდმა „ზაარლანდის თასი“ დააარსა, გამარჯვებისთვის ჯილდოდ 2 მილიონი

ფრანკი დააწესა და ისეთი ტოპ ქვეყნების კლუბებს უმასპინძლეა, როგორებიც ავსტრიის, დანიის, შვედეთის, იოგოსლავიის, შვეიცარიის, ჩილესა და საფრანგეთის გუნდები არიან. ეს, ფაქტობრივად, ევროპის თასის პირველი პრეცედენტი იყო. 1952 წელს, ზაარლანდმა ამ ტურნირზე უარი განაცხადა, რადგან მშობლიური გერმანიას (DFB) დაუბრუნდა.

მაშინ, ამ პატარა გუნდმა ხმაურიანი გამარჯვება „ენფილდზე“ (1950 წელი) „ლივერპულთან“ მოიპოვა. გერმანელებმა მერსისაიდელები 4:1 დაამარცხეს, ჰერბერტ ბინკერტმა კი ჰეთ-თრიქი მიითვალა.

პატარა რეგიონის დიდი ისტორია ამ მოკლე ექსკურსიდანაც ჩანს. ეს გუნდი გერმანიის თასის ნახევარფინალში ისტორიაში მეოთხედ გავიდა და, იქნებ, ფინალს ახლა მაინც უწიოს…